ლევან გოგიჩაიშვილი – ირაკლი კობახიძე გააგდეს

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გუშინ უნდა გადამდგარიყო.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ირაკლი კობახიძეს თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა დაეტოვებინა და უბედურებები არ მოხდებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი წილი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს, მაგრამ გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების შექმნილი იყო. განზრახ იყო თუ ბრიყვული შეცდომა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეცდომა დაუშვა და უნდა ეგრძნო, რომ თანამდებობიდან უნდა წასულიყო. კობახიძე გადადგა, მაგრამ დასახიჩრებული არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც გულწრფელი პროტესტი აქვთ, ქვეყანაში არ უნდათ რუსული პოლიტიკა. პრინციპში, ირაკლი კობახიძე გააგდეს. ეს იყო გაგდება და არა გადადგომა. მორჩა, საქართველო სხვა ქვეყანაა. არასახარბიელო მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“. ერთ მხარეს ერთი სისტემა „ქართული ოცნებაა“, მეორე მხარეს – „ნაციონალური მოძრაობა“. ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს და დახუთულობისგან პოლიტიკური სივრცის გათავისუფლება უნდა მოხდეს. გუშინ ამის დასაწყისი იყო”, – განაცხადა დეპუტატმა.

გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენასაც ეხმაურება.

„ნუ ჩქარობენ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა კონსენსუსით უნდა იყოს შერჩეული. თანხმობა უნდა იყოს, რათა პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლამდე უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მან სწორი პოლიტიკური პროცესის წარმართვა უნდა უზრუნველყოს, რომელიც 2020 წელს მშვიდობიანად ჩაგვატარებინებს. კანდიდატების შერჩევა კონსენსუსით უნდა მოხდეს, ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს ეს ფუნქცია უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

banner
წინა სტატიაში,,ბ-ნო ბიძინა უფსკრულის პირას დგახართ !”-ელისო კილაძე ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიასანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე პოლიცია არ განძრეულა – შს მინისტრი