ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდება

სასამართლო სისტემაში ახალი სისხლი გვჭირდება, რომლის გარანტი არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

გოგიჩაიშვილი ერთ-ერთია ცხრა დეპუტატს შორის, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადეს. კანონპროექტის თანახმად, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული ცვლილებების მიღება მისი უმრავლესობაში დარჩენის წინაპირობა, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი არაფრის წინაპირობა არ არის. არამედ, არის დამოკიდებულება პროცესებისადმი, რომელიც საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს.

„ეს არის დამოკიდებულება, იმ პოლიტიკის გაგრძელება, რა პოლიტიკითაც დავიწყეთ ეს პროცესები სასამართლო რეფორმაში. მთავარი იდეა, რისთვისაც მნიშვნელოვანია აღნიშნული მორატორიუმი, იუსტიციის სკოლის რეფორმაა. ეს პრინციპულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ახალი სისხლი სასამართლო სისტემაში, რომლის გარანტია არის იუსტიციის სკოლის რეფორმა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, გუნდში არის მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატის განცხადებით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გახდნენ მოსამართლეები და არ იყვნენ იმ აზრის ტყვეობაში, რომ სისტემა ჩაიკეტა და არავის აქვს შანსი, მათ გარდა, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს საჭიროდ.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, იგრძნონ პოლიტიკოსების სურვილი და თანმიმდევრულობა დეკლარირებული პრინციპებისა, რომ ჩვენთვის მთავარი არის ახალი სისხლი და ამით არის განპირობებული ჩვენი მოტივაცია“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცდება.

„გამომდინარე იმ შეხვედრებიდან და განწყობიდან, რაც ამ თემის ირგვლივ იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში გავა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

banner
წინა სტატიაში„ადამიანის უფლებების ნაწილში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია – ყველა დროებით მოთავსების იზოლატორი აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ჩანაწერები ინახება 120 საათი“
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე ერთი, ქრთამის მიცემის ფაქტზე კი 4 პირი დააკავეს