“ლევან გაჩეჩილაძე მთავრობის სხდომებს ესწრება და თბილისის მერობას აპირებს”

levan-xabeishviliლევან ხაბეიშვილი: “ნაცმოძრაობის პარტიულ სიაში ადგილები გაიყიდა”

როგორ იყიდებოდა საარჩევნო სიაში ადგილები, რა გარიგება შედგა ივანიშვილსა და ბოკერია-ბაქრაძეს ფრთას შორის, ვინ დაამყარა დიქტატურა ნაცმოძრაობაში, რა პრეტენზიები წამოაყენა ლევან გაჩეჩილაძემ? – ამის შესახებ “ახალ თაობას”  პარტია “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
_ მარნეულში და ზუგდიდში გამართული განმეორებითი არჩევნების შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ ნაციონალები და `ოცნება~ ერთმანეთს გაურიგდნენ. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
_ როცა გარიგებაზე მიდის საუბარი, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ 2 ადამიანი სადღაც დაჯდა და რაღაც მოილაპარაკა. ის, რაც მარნეულსა და ზუგდიდში მოხდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ გარიგება შედგა. ამ გარიგებით კმაყოფილია როგორც ივანიშვილი, ასევე ნაციონალების ლიდერშიფი.
_ ივანიშვილის კმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ნაციონალებს რა აქვთ სასიხარულო. იმამყულიევის გამარჯვება?
_ იმამყულიევი კარგი ახალგაზრდაა და მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება მარნეულის მოგებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გადმოგდებული გამარჯვება და ნაცმოძრაობის ლიდერები ტყუილად ნუ იცემენ გულში მჯიღებს.
_ რა მიზნით გადმოუგდეს ნაციონალებს ეს გამარჯვება?
_ მეორე ტურის წინ მუხტის ასაწევად. ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის წყალობით, ეს პარტია `ოცნების~ გამპრავებლად იქცა. გითხარით, რომ ნაციონალები მარნეულის შედეგით კმაყოფილები არიან, აქვე დავამატებ, რომ ზუგდიდის შედეგებიც მისაღებია მათთვის.
გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და ადგილობრივმა ლიდერშიფმა ზუგდიდში ივანიშვილის დავალება პირნათლად შეასრულეს. სანდრა რულოვსი “დამარცხებულია”, რითაც მოლაპარაკებების ორივე მხარე კმაყოფილია.
_ ნაციონალები სანდრა რულოვსის დამარცხებით კმაყოფილები თუ არიან, აბა რატომ საყვედურობენ სანდრა რულოვსს კანდიდატურის მოხსნის გამო?
_ ეს სპექტაკლის ნაწილია. პარტიის ლიდერებმა ლამისაა, სანდრა რულოვსი მოღალატედ გამოაცხადონ. ამით მიხეილ სააკაშვილზე ახორციელებენ ზეწოლას. მას უკვე დიდი ხანია, რაც პარტია გიგა ბოკერიას დაჯგუფებამ `აახია~.
ახლა მიმდინარეობს პარტიის ქდმ-ზაცია. როგორც თავის დროზე იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ნაცმოძრაობის კონსტრუქციული ოპოზიცია, ახლა ნაცმოძრაობა იქნება იგივე მისიის შემსრულებელი `ოცნებისთვის~. ისე, უკვე დიდი ხანია, რაც ნაცმოძრაობის ლიდერშიფი “ოცნებას”არჩევნებს “უპრავებს”.
_ რას გულისხმობთ?
_ “ოცნებას” ნაცმოძრაობამ არჩევნები პირველად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე `გაუპრავა~. იმ პერიოდში დააპატიმრეს გიგი უგულავა. ნაცმოძრაობას თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ ლიდერშიფმა სხვანაირად გადაწყვიტა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალბათ ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე მართალი იყო.
_ რაში იყო მართალი?
_ ის სწორად მოიქცა, როცა პარტია დატოვა. მან წამოსვლის კონკრეტული მიზეზებიც დაასახელა და იმაზე ისაუბრა, რაც რეალურად მოხდა. გიორგი ამბობდა, რომ გიგა ბოკერიამ, მიშა მაჭავარიანმა, ირმა ნადირაშვილმა და ამ დაჯგუფებამ პარტიის კარები ჩაკეტა და მის განვითარებას ხელს უშლიდნენ. იყო საუბარი იმაზეც, რომ სააკაშვილის ზურგსუკან კეთდებოდა რაღაცები.
ამ განცხადებების გამო მაშინ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ვაშაძე კინაღამ ჩაქოლეს. ახლა ყველა ხვდება, რომ გიორგი მართალია, მაგრამ უკვე გვიანია.
_ პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვაშაძე სააკაშვილს არ შეხვედრია?
_ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა.
_ არჩევნების შემდეგ თუ შედგა მათ შორის რაიმე კომუნიკაცია?
_ არც არჩევნების შემდეგ ყოფილა საუბარი. ახლა ალბათ სააკაშვილიც ხვდება, რომ ჩვენი ლიდერი სიმართლეს ამბობდა.
_ თქვენი აზრით, სააკაშვილს არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია პარტიაში?
_ რა უნდა შეცვალოს, მას ბოკერიას ფრთამ პარტია, როგორც უკვე გითხარით, `აახია~. მას შემდეგ აქ გამუდმებით ადგილი აქვს სკანდალებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყეს.
_ რას ნიშნავს, ადგილების გაყიდვა დაიწყეს?
_ თავიდან პარტიულ სიაში არ ფიგურირებდა რამაზ ნიკოლეიშვილი. სიის წარდგენის წინ კი ის სიაში მე-20 ნომრად ვიხილეთ. ამას პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
_ უკმაყოფილება რატომ მოჰყვა? ნიკოლეიშვილი 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ნაციონალების სიით მოხვდა და ეს პარტია ოფიციალურად არ დაუტოვებია.
_ პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთში `ქართულ ოცნებას~ ეხმარებოდა. ამის გამო მის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება იყო. აქედან გამომდინარე საეჭვო იყო, რომ ის პარტიის საარჩევნო სიაში, გამსვლელ ადგილას აღმოჩნდა.
ამასთან დაკავშირებით ბევრი რამე ითქვა. პარტიაში ყველა ამბობს, რომ მან ეს ადგილი იყიდა და მილიონი ლარი გადაიხადა.
_ ამ ინფორმაციას ოფიციალურად ვინმე დაადასტურებს?
_ თანხის გამცემი და ამღები ამ ინფორმაციას არ დაადასტურებენ, თუმცა პარტიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი სიის წარდგენის წინა დღეებში ჩაწერეს გამსვლელ ადგილას, ბევრ ეჭვს აჩენს.
ეჭვები ჩნდება ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების თავისუფლად სიარულთან დაკავშირებითაც. ივანიშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე ლიდერი დააკავა, ბოკერიას და ბაქრაძეს არავინ შეეხო. არადა, თუ სისტემა სჩადიოდა დანაშაულს, მაშინ მარტო მერაბიშვილი არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე. გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ, დავით ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარე _ სისტემურ დანაშაულებზე მათთვისაც უნდა მოეთხოვათ პასუხი. მათი პასუხისმგებლობის საკითხი არავის დაუყენებია.
შედეგად მივიღეთ `ქართული ოცნების~ გამპრავებელი კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილთან მომავალშიც ითანამშრომლებს.
_ თქვენ ზემოთ ნაცმოძრაობიდან გიორგი ვაშაძის წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრეთ. თქვით, რომ სააკაშვილს პარტია “აახიეს”. შემთხვევით თქვენი პარტია ხომ არ გახდება სააკაშვილის დასაყრდენი?
_ არა, ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ ბრძოლას. თანაც არჩევნების შემდეგ ჩვენ გავხდით კვალიფიციური სუბიექტები და ეს მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს. პაატა ბურჭულაძესთან შექმნილი საარჩევნო ბლოკი მეორე ტურის შემდეგ დაიშლება და დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. მერე შესაძლოა ვიღაცასთან ვითანამშრომლოთ. ამ ეტაპზე ამ თემაზე არანაირი საუბარი არ მიდის.
_ მოდით, თემა შევცვალოთ და ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ვისაუბროთ. თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ სწორედ ის იქნება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი. ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
_ ინფორმაცია ამის შესახებ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პიროვნებამ მომაწოდა. ჩვენ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ერთად ვიყავით მიწვეულები და გადაცემის დაწყების წინ მესაუბრა ამაზე.
_ შეგიძლიათ ამ პიროვნების ვინაობის დასახელება?
_ ვინაობის დასახელებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მთავრობის სხდომებს ესწრებოდა და მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე ხშირად ესწრება მთავრობის სხდომებს.
_ რა სტატუსით?
_ ის პრემიერის მეგობარია და, შესაძლოა, ამ სტატუსით ასწრებენ მთავრობის სხდომებს. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ მომიყვა, ამბობს, რომ მთავრობაში გრეჩიხას პალაჟენია დაყენებული აქვს. ლევან გაჩეჩილაძე ღიად ამბობს, რომ მას თბილისის მერობა სურს და არ გამიკვირდება, თუ სწორედ ის იქნება “ოცნების” კანდიდატი.

 

შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს დასცინა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მოკლეს