ლევან დავითაშვილი : არასდროს ყოფილა საუბარი ნარკოტიკების წახალისებაზე, პირიქით, შსს-მ მოაწესრიგა დაურეგულირებელი სფერო

ქვეყანაში არასდროს ყოფილა საუბარი ნარკოტიკების წახალისებაზე, პირიქით, შსს-მ წარადგინა პროექტი, რომლითაც დაარეგულირა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაურეგულირებელი სფერო, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს და საჭიროა ხალხის ინფორმირება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრის გათვალისწინება სტრატეგიული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას. ასეა ამ შემთხვევაშიც, ასე იქნება მომავალშიც. როდესაც ვხედავთ, რომ რამე კონკრეტული საკითხი მოსახლეობას აღელვებს, ბუნებრივია, საკითხის გადაწყვეტამდე უნდა იყოს ფართო მსჯელობა. ეს არის უმაღლესი დემოკრატიის სტანდარტი, ჩვენ ამ პრინციპებით ვმუშაობთ. მარიხუანასთან დაკავშირებითაც ჩვენი მიდგომა არის მკაფიო. უნდა შევაჯეროთ პოზიციები, მოსახლეობას მკაფიოდ განვუმარტოთ, რაზეა საუბარი, რადგან ქვეყანაში არასდროს ყოფილა საუბარი ნარკოტიკების წახალისებაზე, პირიქით, შსს-მ წარადგინა პროექტი, რომლითაც მოაწესრიგა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაურეგულირებელი სფერო.

რაც შეეხება წარმოებას, წარმოებაზე იყო საუბარი მხოლოდ სამედიცინო მიზნით და ეს არის ფარმაცევტიკის სფერო, რომელიც ვითარდება ბევრ ქვეყანაში, ეკონომიკის დარგია. ამას სჭირდება კარგი განმარტება, ახსნა მოსახლეობისთვის და ამაზე იქნება ფართო მსჯელობა. საპატრიარქო და ეკლესია არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ დარწმუნდებიან, რომ კანონპროექტმა შეიძლება, არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა წაახალისოს, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაწვეული იქნება.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ხელფასების საქმეზე, აუდიტის სამსახური მთავარ პროკურატურას მასალებს გადაუგზავნის
შემდეგი სტატიადავით დონდუა : საქართველოს წარმატებული რეფორმები ხელს შეუწყობს ჩვენს მთავარ მიზანს, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი