„ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვაჩვენებთ თანმიმდევრობას, სოლიდარობას, პრინციპულობას. ვერ ვიხსენებ ბევრ სხვა ანალოგიურ პროტესტს სხვა ქვეყნებში, როცა ამდენი ხსნის განმავლობაში, მთელი ზამთარი, ძალიან რთული ზამთარი თან, საზოგადოებამ გაატარა პროტესტში. ეს ხომ არ იყო მშვიდობიან ზამთარი, ეს იყო საომარი ზამთარი. როცა ე.წ. ხელისუფლება თავს ესხმოდა მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ. ამის მიუხედავად ხალხი იყო გარეთ და არ შედრკა ამ ბრძოლაში. ბუნებრივია, ამას სჭირდება დამატებითი სხვა ეტაპები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ ეს არის ამ პარტიის იზოლაციის გაგრძელება, უფრო მაღალი ხარისხის, უფრო ინტენსიური ბოიკოტი და არა თანამშრომლობა მათთან.
ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების უფრო და უფრო მეტ იზოლაციას და შიგნით დაწყებულ შიდა ომებს. ყველამ ვიცით, როგორ ურტყამენ, სცემენ, უსწორდებიან ერთმანეთს სხვადასხვა დაჯგუფებების ხელმძღვანელები და წევრები, რომლებიც ხვდებიან, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ახლა მათზე ჩამოეკიდა. იმ დაჯგუფებაზე, რომლებსაც შეუძლიათ ფიზიკური ძალადობა გამოიყენონ. ახლა ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან მტაცებლები ტყეში, ცდილობენ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის მონიშვნას, მათ შორის არის გამართული ბრძოლები და შიდა დაპირისპირება. ეს ასუსტებს ამ ხელისუფლებას. ის დარჩა ამ დაჯგუფებების მოწყალების იმედზე. ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე პროცესები ვერ გადაფარავს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა და მუშაობა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა. არჩევნები მარტო ოპოზიციურ პარტიებს კი არ მოჰპარეს, არჩევნები მოჰპარეს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა და გააფერადა „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტია. მოთხოვნა იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ უკეთესები, მათ უკეთ იმუშაონ, უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები ლოგიკურია და სწორია. მე ვიტყოდი, რომ მანამ სანამ ძალაუფლებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, არაფერი არ იქნება საკმარისი, დამაკმაყოფილებელი. ხალხი სინამდვილეში ითხოვს არამხოლოდ ახალ სახეებს, არამედ პრინციპულად ცვლილებას იმისა, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა. სახეების შეცვლამ შეიძლება არაფერი მოიტანოს. თუ თვისობრივად არ შეიცვალა ის როგორ მუშაობენ პოლიტიკური პარტიები, როგორ კეთდება საქართველოში პოლიტიკა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რამდენიმე პირობა უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ საერთოდ რაიმე არჩევნებში მონაწილეობაზე იყოს შესაძლებელი საუბარი. უნდა დასრულდეს და შეწყდეს რეპრესიები, უნდა გათავისუფლდნენ უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანები. უნდა არსებობდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოსთვის საჭირო პირობები. ასევე, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეწყდეს სუს-ის და შსს-ის ჩარევა არჩევნებში.
ეს ბრძოლა სწორედ იმისთვის მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ეს ნაბიჯები გადადგას. ჩვენ თუ არ ვაიძულეთ ის, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებს. ეს ბრძოლა ამისთვის მიმდინარეობს. უნდა შევქმნათ ის პირობები, დაგვიბრუნდეს შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც აირჩევს ქართველი ამომრჩეველი. ყველა რომ გავჩუმდეთ, ისინი ბატონყმობის რეჟიმს დაამყარებენ, სადაც ბატონი იქნება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ყველანი ვიქნებით მორჩილები“, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.