ლევან ცუცქირიძეს ორი მიზეზი აქვს, რატომ ვერ მუშაობენ „ძველი პარტიები“ უკეთესად

ხალხი სინამდვილეში ითხოვს არამხოლოდ ახალ სახეებს, არამედ პრინციპულად ცვლილებას იმისა, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა. სახეების შეცვლამ შეიძლება არაფერი მოიტანოს, თუ თვისობრივად არ შეიცვალა ის, როგორ მუშაობენ პოლიტიკური პარტიები, როგორ კეთდება საქართველოში პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ პარტია „თავისუფლების მოედნად“ გარდაქმნაზე ისაუბრა და მათი პოლიტიკური ძალის მიზნები და ამოცანები განმარტა.

„თავისუფლების მოედანი“ ყოველთვის ჩაფიქრებული იყო, როგორც დამოუკიდებელი და თვითმყოფადი პოლიტიკური პარტია. ჩვენი მისია და ამოცანები გამომდინარებს იმ ვითარებიდან, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ჩვენი მიზანია „თავისუფლების მოედანი“ გადაიქცეს წამყვან პოლიტიკურ პარტიად და გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სამი რამის მიღწევაში: დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც დაეპატრონა „ქართული ოცნება“; ეს სახელმწიფო უნდა გავხადოთ რეალური მრავალპარტიული დემოკრატია და შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიის მქონე საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები, რომლისთვისაც ბრძოლას გავაგრძელებთ. „თავისუფლების მოედანს“ მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს სამართლიანობა, უნდა არსებობდეს დემოკრატია, უსაფრთხოება და აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება.

ორი მიზეზი აქვს, რატომ ვერ მუშაობენ „ძველი პარტიები“ უკეთესად: 1. ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოში. საქართველო არასდროს ყოფილა ნამდვილი, სრული დემოკრატია. ასეთ პირობებში, როცა მთელი სახელმწიფო რესურსი ფოკუსირებულია ოპოზიციური პარტიების დასუსტებასა და განადგურებაზე, დაღს ასვამს პარტიების განვითარებას.

2. პოლიტიკური პარტიები აწყობილია ლიდერთა ძალიან მცირე ჯგუფზე, ხშირ შემთხვევაში, ერთ ან ორ ადამიანზე. არიან დახურული ორგანიზაციები. ეს განასხვავებს „თავისუფლების მოედანს“ მათგან. უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ჩვენ პოლიტიკოსების მიმართ ვხედავთ, არის ის, რომ საზოგადოება ხვდება, ეს ადამიანები არ არიან თანმიმდევრულები. დღეს საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ გუშინ რომ შეეძლოთ, თავად მონაწილეობდნენ ამ უფლებების არა დაცვაში, არამედ დარღვევაში. „თავისუფლების მოედანში“ არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად აკეთებენ პოლიტიკას. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება პოლიტიკურად აქტიურმა და ინფორმირებულმა მოქალაქემ გააკეთოს, ეს არის სწორედ უკეთეს პოლიტიკურ ორგანიზებაში წვლილის შეტანა და პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება. „თავისუფლების მოედანი“ სწორედ ასეთი პარტიაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და ისეთ პარტიას შევქმნით, როგორიც ერთად გამოგვივა ყველას და არა მხოლოდ მე. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა „დაიხუროს ქურდი“, ჩემი აზრით, ქუდი უნდა დაიხუროს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ”. არავის გადასაწყვეტი არაა, ვინ უნდა იყოს პოლიტიკაში და ვინ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა არჩევნების გზით და არა რომელიმე ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა.

არჩევნებზე ქართველმა ხალხმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გადავიდეს ოპოზიციაში და მის ნაცვლად ხელისუფლება უნდა ჩაიბაროს მრავალპარტიულმა კოალიციამ. მე არ მივცემ თავს უფლებას, რომელიმე პოლიტიკოსზე ვისაუბრო, ამან ქუდი უნდა დაიხუროს და სადღაც წავიდეს თუ რა ქნას. ეს ყოველთვის უნდა გადაწყდეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ამისთვის ვიბრძვით „თავისუფლების მოედანი“, რომ ადამიანებს, მოქალაქეებს ქვეყანაში ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და დემოკრატიული პროცედურის მიხედვით ხდებოდეს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც ქვეყნის განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას
შემდეგი სტატიალევან ცუცქირიძე: სახეების შეცვლამ შეიძლება არაფერი მოიტანოს თუ თვისობრივად არ შეიცვალა ის როგორ მუშაობენ პოლიტიკური პარტიები, როგორ კეთდება საქართველოში პოლიტიკა