ლევან ცუცქირიძე მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს

საქართველო ბოლო დროის ერთ-ერთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისშია. შესაძლოა, ამას საჯაროდ არ აღიარებდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აცნობიერებთ, რომ ეს ასეა. საპროტესტო დემონსტრაციებზე 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელთა უმეტესობა ფიზიკური ძალადობისა და წამების მსხვერპლია.
სპეცრაზმმა და ქუჩის ბანდებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სასიკვდილოდ გაიმეტეს, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ექიმებსა და ჟურნალისტებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ნახეთ ეს შემზარავი კადრები და მინდა ცოტათი მაინც მჯეროდეს, რომ ეს თქვენთვისაც მიუღებელია, თუნდაც არ იზიარებდეთ ამ ადამიანების სამართლიან ბრძოლას, მოთხოვნებსა და ღირებულებებს.

თქვენ არ გამოიყენეთ დრო, როდესაც შეგეძლოთ დაგვიანებული, მაგრამ მაინც უაღრესად პრინციპული ნაბიჯი გადაგედგათ და უარი გეთქვათ პრეზიდენტობის არალეგიტიმურ კენჭისყრაზე. ის უხერხული სიტუაციები, რომლებიც პოლიტიკური არაკომპეტენტურობის, საერთაშორისო იზოლაციისა და არალეგიტიმურობის გამო ხშირად შეგექმნებათ, კრიზისის ყველაზე მსუბუქი გამოვლინება იქნება.

სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ რუსული შეთქმულების სიმბოლური სახე გახდებით; ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და ამ არჩევანის მცველებს დაუპირისპირდებით, რომლებიც ამ ბრძოლას არ დათმობენ და გათამაშებული პრეზიდენტობაც ხანმოკლე აღმოჩნდება. თუმცა, ეს თქვენი არჩევანი და პასუხისმგებლობაა,-აცხადებს ლევან ცუცქირიძე  მიხეილ ყაველაშვილის მისამართით დაწერილ ფეისბუქპოსტში.

banner
წინა სტატიაშიზვიად რატიანს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატია“ამჟამად ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის”- გიორგი ქოჩორაშვილის მილოცვა