ლევან ბოძაშვილი: ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა საქართველოს მეტ დემოკრატიას მოუტანს და ევროინტეგრაციის შანსებს გაზრდის

ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოსთვის ნიშნავს რუსეთის აქტიურ შეკავებას, მეტ სანქციებსა და შეურიგებელ პოლიტიკას მის მიმართ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

როგორც ბოძაშვილი ამბობს, ისეთ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა ამერიკისთვის და ამერიკა საქართველოსთვის, არსებული ინტეგრაციული ფანჯრები უფრო მეტად გაეხსნება.

„პირველი და უმთავრესი, რაც ბაიდენის პრეზიდენტობით შეიცვლება, ეს არის ამერიკული იზოლაციონიზმის დასრულება. ჯერ კიდევ პრეზიდენტი ობამა ამბობდა, რომ პოზიტიური მსოფლიო ლიდერის როლის დაკნინება თავად ამერიკისთვის არის ნეგატიური. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ისეთ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა ამერიკისთვის და ამერიკა საქართველოსთვის, არსებული ინტეგრაციული ფანჯრები უფრო მეტად გაეხსნება.

ეს ამავე დროს ნიშნავს ტრანსატლანტიკურ, ევრო-ამერიკულ ურთიერთობებში 4- წლიანი უკიდურესი დაძაბულობის შემცირებას, რაც ნამდვილად არ იყო საქართველოს ინტერესებში და რეალურად აფერხებდა ინტეგრაციულ პროცესს. ამავე დროს, ამ დაძაბულობის მოხსნიდან გამომდინარე, თავად ევროპაც ამოისუნთქებს და ევროპელი ლიდერების მილოცვები უკვე ამის დასტურია.

ბაიდენის პრეზიდენტობა ამავე დროს, რაც საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, ნიშნავს რუსეთის აქტიურ შეკავებას, მეტ სანქციებსა და შეურიგებელ პოლიტიკას მის მიმართ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მეტი დემოკრატიზაციის უზრუნველყოფაა. ეს ნიშნავს თავისუფალ სასამართლოს და სისტემურ სიძლიერეს, სახელმწიფო ორგანოების დეინსტიტუციონალიზაციიდან ნორმალურ მდგომარეობაში მოქცევას. საერთო ჯამში, ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოს პარტნიორული როლის გაზრდას მოიტანს და მეტ პირობითობას დემოკრატიზაციის, სასამართლოსა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესის წარმატებისთვის.

დღეს არსებობს გარკვეული შიში მოსახლეობის ნაწილში, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა გამოიწვევს ულტრალიბერალური ნარატივის თავს მოხვევას საქართველოსთვის, რაც სრულიად უსაფუძვლო მოლოდინია. ბაიდენი კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ამ მიდგომით საუბარი მხოლოდ რუსულ პროპაგანდაზე დაასხავს წყალს, შესაბამისად ეს მოლოდინი მცდარია“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: საელჩოების მოწოდებაა, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სადაო საკითხს მოეფინოს ნათელი, მზად ვართ, ეს მოწოდება გავითვალისწინოთ
შემდეგი სტატიაკობახიძე აქციაზე: თითქმის 20 საათი აქვთ იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ