ლევან ბეჟაშვილი – საკომიტეტო მოსმენებში მუშაობას ვაპირებთ, რაც შეეხება სხვა ფორმატებს, ევროპარლამენტარების სურვილია, ჩავერთოთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე იმსჯელებს

საკომიტეტო მოსმენებში მუშაობას ვაპირებთ, რაც შეეხება სხვა ფორმატებს, ევროპარლამენტარების სურვილია, ჩავერთოთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე იმსჯელებს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებასთან“ კომისიებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციას შეთავაზებული აქვს „ქართული ოცნებისთვის“ სამუშაო ფორმატი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომელიც 18 ივლისიდან მოწვეულია და დღემდე შეიძლება, რიგგარეშე სესიები ჩაინიშნოს, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ასევე საკომიტეტო მოსმენები არის ის ოფიციალური, ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო ფორმატები, რომელში მუშაობას ჩვენ ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა ფორმატებში მუშაობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ ევროპარლამენტარებთან. გამოითქვა მათი სურვილი, რომ ამ ფორმატებშიც ჩართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესისთვის. თუმცა პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღებს, უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, სავარაუდოდ კვლავ დავრჩებით იმ ფორმატში, რომელიც ოფიციალური და ინსტიტუციონალიზებულია, ეს არის საკომიტეტო მოსმენები და რიგგარეშე სესიის ფორმატი.

ოპოზიციას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ასეთ ფარულ სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში. საერთო სასამართლოების შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი რვა თვეა შექმნილი და მხოლოდ სამჯერ შეიკრიბა; არანაირი წინსვლა და გადაწყვეტილებები არც კი მიიღება. რაც მიუთითებს, რომ სამუშაო ჯგუფები „ქართული ოცნების“ პირობებში არის არაეფექტური, არაქმედითი და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვას, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში არ უნდა შედიოდეს; ამიტომ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ საკომიტეტო მოსმენების ფორმატს და სესიას, სადაც ღიად და საჯაროდ შევძლებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეფასება, თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს, სიცრუეა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა