ლევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ

პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მისაღებია. ქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების გადაწყვეტილებას მიესალმება.

„შეხვედრის ფორმა არაორდინალურია და მას ჰქვია, საახალწლო მიღება. ბუნებრივია, ჩვენ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომელიც ისარგებლებს ამ შემთხვევით, მივესალმებით. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, რომ გარკვეული პოზიციები მოითელოს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, შეთანხმების პროცესის დაწყებას და წარმართვას ეხებოდა. შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით და უფრო ხელშესახებად ვიმუშავებთ. პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მისაღებია. ქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვაპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ამ ფორმატში მონაწილეობას. თუ „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას არ მიიღებს, ეს კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და საზოგადოებისთვის, რომ ის ხელისუფლების მიტაცებას, უზურპაციას ახდენს და არ ითვალისწინებს არსებულ პოლიტიკურ რეალობას“, – განაცხადა ბეჟაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა