ლევან ბერძენიშვილი : შევარდნაძე რომ ცოცხალი იყოს, “ქართული ოცნების” სიაში იქნებოდა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცრუობს, თუმცა დოკუმენტებთან ბრძოლა რთულია. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანას ჰყავს ერთი მატყუარა. არ ვიცი რატომ აიკვიატა და რატომ ტყუის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს, სინამდვილეში როგორი იყო ურთიერთობები. იყო პარტნიორული ურთიერთობები. მათი მხრიდან იყო მცდელობა „რესპუბლიკელების“ და „ქართული ოცნების“ ორპარტიული კოალიციის შექმნისა, რომელშიც სხვებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ღერძი ის იქნებოდა. ამის შესახებ კი არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიახ, ივანიშვილი ავალებდა, სთხოვდა, აინტერესებდა ჩვენთან ერთად საქმეების კეთება. ახლა რატომ ტყუის, არ ვიცი. დოკუმენტებთან ბრძოლა ძნელია“,– განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე ვარაუდოთ, „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში დასავლეთში კითხვები გაჩნდა, ივანიშვილი კი ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად პროდასავლური პარტიები გაანეიტრალოს.

„დასავლეთის ფრონტი მოღიავებულია. „ქართული ოცნება“ არ ტოვებს პროდასავლური პარტიის შთაბეჭდილებას. ცხონებული შევარდნაძე ცოცხალი რომ იყოს, ახლა ხომ ამ სიაში იქნებოდა. ეს ხომ ნათელია. სადაც ნარჩემაშვილი მოხვდა სიაში, რამენაირად თავადაც მოხვდებოდა. ამის გამო დასავლეთს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს მთლად პროდასავლური ძალა არაა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პროდასავლური ძალები მოსპოს, რათა თავისი ერთადერთობა და განუმეორებლობა დაუმტკიცოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“,– დასძინა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარჯანიშვილზე, სასმელი წყლის ფანტანის ნაცვლად, “პლიაჟზე ფეხის დასაბანი” დაამონტაჟეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა : გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება