ლევან ბერძენიშვილი: ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა წარმატებულად დამთავრდა

„ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განეხილა, თუმცა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

ამის შესახებ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

„ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა წარმატებულად დამთავრდა რეზოლუციის ტექსტის მიღებით. რეზოლუციის პროექტში ძალიან ბევრი შესწორება იყო, ფაქტობრივად ყველა ჩვენი სასარგებლო შესწორება გავიდა“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან მიმართებაში, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ „მივმართავთ ევროპის პარლამენტს, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ამ საკითხის განხილვა“.

ლევან ბერძნიშვილის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო, მაგრამ მათი პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპარლამენტშიც და ქართულ დელეგაციაშიც იყო გამარჯვება“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა მიმართა ევროპარლამენტს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილოს.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში ნიანგი მძინარე ტურისტს თავს დაესხა
შემდეგი სტატიანიკა მელია: დღეს მერიასთან გაიმართება საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია