ლევან ახვლედიანი – მთავრობის გადაწყვეტილება მისასალმებელია

მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეწყვიტოს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ახვლედიანის თქმით, პროექტის მიმდინარეობის პროცესში არსებული პრობლემები ერთობლივი ძალებით უნდა გადაიჭრას.

„ამას მივესალმებით. ჩვენი პოზიცია და ზოგადად კომპანიისა და პროექტის სტატუსი გუშინ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით, ვინარჩუნებთ აღნიშნული პოზიციას და მიგვაჩნია, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებითაა გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თვითონ ხელშეკრულების არშეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა არის საჭირო, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება გაგრძელდება მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, კითხვაზე, რა ვადები სჭირდება კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, ახვლედიანი კონკრეტულ ვადაზე არ საუბრობს.

„ჩვენ ვადებზე არ ვისაუბრებთ. გუშინ დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი, რაც მოხდა ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში. ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. არის ინვესტორებთან მიმართებით გადასადგმელი ნაბიჯები, თუნდაც წერილი გასაგზავნი, შეხვედრა ჩასანიშნი. ვფიქრობ, დაუყოვნებლივ არის გასამართი ერთობლივი შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, თუნდაც რვა პუნქტი, ან საკითხი SSA Marine-თან დაკავშირებით, ყველაფერი არის ერთობლივი ძალებით, მოლაპარაკების მაგიდის გარშემო გადასაწყვეტი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამერიკული ფონდი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს პროექტში მონაწილეობისთვის, ოფიციალურად იყოს მოწვეული მონაწილეობის მისაღებად.

მისი თქმით, არსებული პრობლემები ცალმხრივად არ გადაიჭრება.

„არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რადგან გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ არ შეწყვეტს ხელშეკრულებას, ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება, რა თქმა უნდა, არა. ამიტომ ყველა მხარემ, ჩვენც და მათაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყოს წარმატებით განხორციელებული“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამინისტროსთვის კონსორციუმის მიერ წარდგენილი წერილის გასაჯაროება ამ ეტაპზე პროცესს მხოლოდ დააზიანებს.

„მიგვაჩნია, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვისა და დიალოგისკენ, მაშინ ამ ეტაპზე, წერილის გასაჯაროება დააზიანებს ამ პროცესებს. თუმცა არ უარვყოფთ, რომ თუ დადგება საჭიროება და დრო, აუცილებლად გავასაჯაროებთ. ჩვენ ორივე მხარე ვართ კონფიდენციალურობით შეზღუდული. არ არის ისე, რომ ჩვენ მოვახვიეთ თავზე მთავრობას კონფლიდენციალობა. ასეთი რამ არ ხდება, არის ხელშეკრულება და არის მასში კონკრეტული კონფიდენციალურობის პუნქტი, ამიტომ როგორც ვიცი, საჭიროა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ უნდა მოგვცეს, ანუ წერილობით თანხმობა, რომ თანახმა არიან გასაჯაროებაზე, მაგრამ თუ გადავდივართ დიალოგზე, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესს. ამიტომ შევიკავებთ ჯერ თავს და დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ეს უნდა იყოს ბოლო შანსი კონსორციუმისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი სიტყვების გამოყენება სამწუხაროა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი სიტყვები არის გამოყენებული – „ბოლო შანსი“. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ გუშინ, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ იყო მთავრობის მხრიდან გამოწვეული, ამიტომ ბოლო შანსებზე ნუ ვისაუბრებთ, როცა არის ლაპარაკი ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე. უნდა გადავიდეთ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ვეცადოთ, ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – მამუკა ხაზარაძე ტყუილითაც კი თავს იზიანებს