„ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს

სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.
როგორც სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მზადდება წერილი, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავენ.

„სასტუმრო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება და სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდება. როდესაც გადაწყვეტილება აღსრულდება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მივმართოთ თხოვნით თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სასტუმრო დაუშვან დროებით ექსპლუატაციაზე. ეს დოკუმენტი მზადდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ახლა – ტურისტული სეზონის პიკში დახურვა, გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება. არის შესაძლებელი, რომ დროებითი ექსპლუატაციის ნება მოგვცენ“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდი”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად ,მილიონ 772 ათასზე მეტი ლარის დანამატები გასცა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან დაიწყებს