„ლელოს” წევრმა ექიმებმა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ

„ლელოს” წევრმა ექიმებმა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

პარტია “ლელოს” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მათ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ, შესაძლოა, დაიღუპოს.„ალბათ, დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენ გვაქვს გამოწვევა, გადარჩეს ადამიანი თუ მოკვდეს, ამ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ არსებობს. მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა იყოს გადაყვანილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამის მკურნალობას და მონიტორინგს მიიღებს. ის არ უნდა იყოს იმ გაუგებრობაში, რომელსაც რატომღაც ციხის საავადმყოფოს ეძახიან და რეალურად, ამბულატორიის დონის დაწესებულებაც კი არ არის. კიდევ გავიმეორებ, მხოლოდ ორი გამოსავალია – ან მიხეილ სააკაშვილი გადადის საავადმყოფოში, რასაც საავადმყოფო ჰქვია ან ის მოკვდება“,-განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ვატო სურგულაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს განზრახ კლავს. „მესმის, რომ, ჩვენმა იუსტიციის მინისტრმა თავისი საქმეც არ იცის კარგად და საერთოდ არაფერი ესმის. აღარ ვიტყვი არაფერს პრემიერ-მინისტრზე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს ჯანდაცვის მესვეურებს ეძახიან, მინისტრები, მოადგილეები, ნუთუ ელემენტარული განათლება არ გაქვთ, მესამე კურსზეც არცერთ ლექციას არ დასწრებიხართ და არ იცით, რა პრობლემა მოჰყვება იმ მდგომარეობას, რაშიც მესამე პრეზიდენტი იმყოფება“, – განაცხადა სურგულაძემ.

მან ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართა. „ბატონო დავით, იქნებ თქვენ ე.წ თანაგუნდელებს უთხრათ, რომ მკვლელობას ჩადიან. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მკვლელობას უყურებს ასე, რა მოუვა? რა მოუვა და მოკვდება და თქვენ ყველანი ამ მკვლელობის თანამონაწილენი იქნებით. ვერასდროს ჩამოირეცხავთ ამ ლაქას“,-განაცხადა სურგულაძემ.

banner
წინა სტატიაშიისინი, ვინც წლები ითხოვდით სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენას, სად გაქრით?! – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაბრიტანეთში კოვიდპანდემიაზე ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დახურვას ითხოვენ