„ლელოს“ ოფისები გაიხსნება რეგიონებშიც

მოძრაობა „ლელომ“ „ღია კარის“ პროექტი დაიწყო. მოძრაობის პირველი „ღია ოფისი“ მამუკა ხაზარაძემ „თბილისი ცენტრალში“ გახსნა და პირადად დაარეგისტრირა მის პარტიაში გაწევრიანების მსურველები.

მამუკა ხაზარაძე პარტიას ოფიციალურად 12 დეკემბერს დააფუძნებს.

„ჩვენ, გავხსენით „ლელოს“ პირველი ღია ოფისი. ჩვენ დავაანონსეთ, რომ ეს არის სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის, სივრცე დიალოგისთვის. „ლელო“ არის სივრცე და პლატფორმა, სადაც ეროვნული თანხმობის შესახებ უნდა ვისაუბროთ და საბოლოო ჯამში შევთანხმდეთ, რათა ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ის გახლავთ როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები შეგვხვდებიან, გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და ერთად დავგეგმავთ გამოსავლის გზებს, რომელიც ამ ქვეყანას ასე სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული პროგრამა. პროგრამას ჩვენ გაგაცნობთ პარტიის დაფუძნებაზე, რომელიც გაიმართება 12 დეკემბერს და უკვე დღეიდან გავხსენით ის კარი, რასაც ჰქვია ურთიერთობა, ერთად ყოფნა, გაზიარება, რასაც ჰქვია ახალი, აბსოლუტურად გამარჯვებული საქართველოს მშენებლობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, „ლელოს“ ოფისები გაიხსნება რეგიონებშიც.

„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ საქართველოს დანაწევრება დამთავრდეს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა მოვდივართ ხოლმე წელიწადში ერთხელ მაინც. ეს არის ადგილი, საიდანაც მივემგზავრებით ან მოვემგზავრებით, ეს არის შეხვედრის ადგილი. სადგური ისტორიულად არის შეხვედრის ადგილი და ჩვენ გვინდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ ეროვნების ადამიანები იკრიბებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ოფისი მარტო აქ იქნება. ჩვენი ოფისი იქნება ქვეყნის რეგიონებში, ყველგან აბსოლუტურად, ყველა დიდ ქალაქში. ყველა სოფელში ჩავალთ, ყველა ადამიანს შევხვდებით მთელი ჩვენი გუნდი. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა ქვეყნისთვის არის ნიჰილიზმის დაძლევა, ეს არის იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ – გვეშველება რამე?! ეს სიტყვა უნდა ამოვაღებინოთ ლექსიკონიდან. ჩვენ ნამდვილად გვეშველება თუ ვიდგებით ერთად, თუ ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიწინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც, პოლიტიკოსების და სტრუქტურების მხრიდან ვხედავდით უწმინდესზე, საპატრიარქოზე და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ასეთ ქვეყანაში, მე პირადად, ყოფნა არ მინდა, მაგრამ აქედან წასვლას არ ვაპირებ