„ლელომ“ ცესკო-ში წარმომადგენლად გიორგი სიორიძე წარადგინა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ცესკო-ში ფრაქციის წარმომადგენლად გიორგი სიორიძე წარადგინა. როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.

„ჩვენ, როგორც ოპოზიციურ ფრაქციას გვაქვს საშუალება, წარვადგინოთ ცესკო-ს წევრად ბატონი გიორგი სიორიძე. გამორჩეული ერუდიციის ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, უშუალო მონაწილეა და შეიძლება ითქვას, თანაავტორიც. მთლიანობაში უნდა ვთქვათ, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პუნქტები ძირითადად ასახულია იმ დოკუმენტში, რომელიც მომზადდა და მეტ-ნაკლებად შეჯერდა პარტიების მიერ. რჩება ეუთო/ოდირის რიგი რეკომენდაციები, ასევე ჩვენი დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც იმედი გვაქვს, რომ განხილული იქნება. ასევე მომზადებულია არასაპარლამენტო პარტიების მიერ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ასევე უნდა იყოს განხილული. მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ძირითადად არის ასახული იმ პროექტში, რომელზეც ორშაბათს შევჯერდით და რომელიც ალბათ, გაიგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნისა და შეფასების მისაღებად. ამ ყველაფერს ჩვენ ვუყურებთ, როგორც მთლიანი პაკეტის ნაწილს, რადგან ერთია თვითონ კანონში ცვლილებები და მეორე, ადამიანები, რომლებმაც ამ ცვლილებების ცხოვრებაში განხორციელება უნდა უზრუნველყონ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო დაკომპლექტებული იყოს მაღალკვალიფიციური პიროვნებით. სწორედ ასეთია გიორგი სიორიძე, რომელმაც გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი განათლება მიიღო“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – სულ რაღაც 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება საარჩევნო სისტემას