„ლელო“ – სერგეი ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ ჰარმონიაშია

პარტია „ლელოს“ განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ თანხვედრაში და ჰარმონიაშია.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა უნდა წარმოადგენდეს.

„ჩვენ უკვე გვსმენია კრემლის დასტური, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ გამოთქვა. დღეს ლავროვმა ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ და ფრენების აღდგენის საკითხზე.

მაშინ, როდესაც რუსეთის დამნაშავე რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო საზოგადოების იზოლაციის საგანია, საქართველოს რუსული ხელისუფლება ურთიერთობებს აღრმავებს სწორედ კრემლთან და პარალელურად ურთიერთობებს ანადგურებს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან.

საერთაშორისო კონტექსტიც რომ დავივიწყოთ, იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დარღვევა, მცოცავი ანექსია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა და ე. წ. დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზებაზე რაიმე საუბარი ცინიზმის მწვერვალია.

დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილელა ჯეჯელავა – აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე
შემდეგი სტატიაორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება