“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს, რომელიც წარსულში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტიც იყო.

შეხვედრისას განხილულ იქნა სერბეთის ოპოზიციის გამოცდილება 2018-2020 წლების სერბული საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში და სერბეთის ოპოზიციის მიერ 2020 წლის არჩევნების ბოიკოტირება, რაც ხელისუფლების უკან დახევითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დასრულდა. სერბმა და ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირის და აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი კრიზისის გადაჭრის პროცესში, ოპოზიციური ბრძოლის ტაქტიკები და შინაარსები, ისევე, როგორც სერბული და ქართული პოლიტიკური კონტექსტები.

როგორც “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირველი რაუნდი იყო – “დღეს ვესაუბრეთ სერბეთის ოპოზიციის ლიდერს, გავცვალეთ ხედვები და დეტალურად განვიხილეთ სერბეთის ანალოგი; საქართველოში მიმდინარე პროცესების მსგავსი კრიზისი სერბეთმაც გაიარა. იქ ოპოზიციამ ხელისუფლებას უკან დაახევინა და 2022-ში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. ამ დიალოგის დაწყება “ლელოს” ინიციატივით მოხდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება საქართველოში დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად”.

“ლელო” აქტიურად აგრძელებს მჭიდრო კავშირებს დასავლელ მეგობრებთან და პარტნიორებთან და მადლიერებას გამოხატავს ქართული დემოკრატიის განახლებისთვის ბრძოლაში მათი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი ყურადღებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგოჩა ლორთქიფანიძე – დღეისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ნიშნული შევინარჩუნოთ
შემდეგი სტატიაანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა