,,ლელო საქართველოსთვის” განცხადება

საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად გამოხატული პოლიტიკა, რომელიც კრიტიკული მედიების შევიწროებას, საბოლოოდ კი მათ გაჩუმებას და ნეიტრალიზებას ისახავს მიზნად, ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ქმნის ავტორიტარიზმის აშკარა საფრთხეებს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ახლა, როდესაც პრაქტიკულად უკვე საარჩევნო წელში ვიმყოფებით.
გუშინ ხელისუფლებამ მორიგი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელი ტელევიზიების ნაწილი (ტვ პირველი, რუსთავი 2, ტელეკომპანია კავკასია და ორი რეგიონული მაუწყებელი) გააფრთხილა და მიმდინარე დავალიანების გადახდისთვის ერთდღიანი ვადა მისცა, მეორე დღესვე კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. აღსანიშნავია, რომ გაფრთხილებული ტელევიზიები ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. იმავე სამსახურს აღნიშნული არ გაუკეთებია სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში, რომლებსაც წლებია, მილიონობით ლარის დავალიანება დაუგროვდათ ბიუჯეტის წინაშე.
პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეაფერხოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ფუნქციონორება; დიალოგის და არა ულტიმატუმების რეჟიმში გადაიყვანოს მათთან მოლაპარაკების პროცესი საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით; ხელი აიღოს შერჩევით მიდგომებზე.
მოვუწოდებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს საქართველოში და გააკეთონ ყველაფერი მათი შესაძლებლობების ფარგლებში, არსებული მედია-პლურალიზმის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.
ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა“ ტროლებისა და ბოტების სიცრუის ინდუსტრიის შექმნასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რაც პოლიტიკური ოპონენტების და საზოგადოებრივად აქტიური პირების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, ბუნებრივია, ვერ და არ იქნება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიმართ ღია. საქართველოს მოქალაქეებს ამგვარი მიუღებლობის არაერთი მაგალითი ახსოვთ ახლო წარსულიდან. თუმცა, ერთია, რა მოსწონს ხელისუფლებას, და მეორეა – რა სჭირდება სახელმწიფოს: კრიტიკული, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების არსებობა და მრავალფეროვანი მედია-გარემო სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი გორში
შემდეგი სტატიაინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის ფაქტზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა