“ლელო”: “ქართული ოცნებას” არჩევნების გაყალბების უფლებას არ მივცემთ

“ლელოს” ლიდერებმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს და “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

როგორც “ლელოში” აცხადებენ, “ქართული ოცნება” ცესკოს არჩევნების გაყალბებას ავალებს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ოპოზიციას გადააბრალოს მდგომარეობის ესკალაცია.

“ვაკის ოლქი ყველაზე აქტიური იყო თბილისში, სადაც 60%-ზე მეტი მოქალაქე მოვიდა თავისი ნების გამოსახატად. გამოცდილების მიხედვით, ამ რაოდენობის ამომრჩევლის დაფიქსირება მიუთითებს ქვეყნაში ცვლილებების სურვილს. ამის საპირისპიროდ მივიღეთ ცესკოს მიერ გაყალბებული არჩევნები. მაშინ, როდესაც ვაკის ოლქში 5 ათასზე მეტი გაბათილებული ბიულეტენია, რაც მოსული ამომრჩევლის 10%-ს შეადგენს. ჩვენ მიერ დაწერილი საჩივრებიდან არცერთი არ არის განხილული. განსახილველად კი გადაგვამისამართეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოში. “ქართული ოცნება” ცესკოს არჩევნების გაყალბებისკენ მიუთითებს, რათა დაიკარგოს ის რეალური ნება, რისი დაფიქსირებაც სურდათ ჩვენს მოქალაქეებს,”-განაცხადა კობერიძემ.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრა “ლელოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემაც.

“ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის ყველა შანსი დაკეტა. ამას ხაშურის მაგალითიც ადასტურებს. ხაშურის მერიის განმარტება საარჩევნო პლაკატებზე მმართველი გუნდის პლაკატების გადაკვრასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ზარით განიხილეს ჩადენილი ფაქტი. რაც შეეხება გაყალბებულ ბიულეტენებს, ერთადერთი შანსი სასამართლო დაგვრჩა, სწორედ ის სასამართლო, რომელიც მიკერძოებულია. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა დავასრულოთ,”- განაცხადა კოჟორიძემ.

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად საკუთარ ოლქში დარღვევებზე ისაუბრა “ლელოს” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ.

“როგორც ყველა რეგიონში, ისე გურიაში დაფიქსირდა გაყალბება. ოლქების დიდ ნაწილში არის დისბალანსი, არ ჯდება ის რაოდენობა, რაც რეალურად იყო მოსული არჩევნებზე. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური შეფასების ნაწილში არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია,”- განაცხადა სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: მსოფლიოში კორონავირუსით მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი და ხალხის დიდ ნაწილს კოვიდის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა
შემდეგი სტატიაელისაშვილი: როდესაც ჩემს უფლებას და ღირსებას ლახავენ, ვიძალადებ კი არა, უარესსაც გავაკეთებ