“ლელო” -“ქართული ოცნება” ყველა ხერხით აყალბებს არჩევნებს, რასაც “ლელო” არ დაუშვებს და ყველა სამართლებრივი ფორმით დაიცავს ხალხის ხმებს

“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრეს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, მთელი ოპოზიცია ერთი ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ დგას, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

“არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. გუშინ 8 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ გავიგეთ ბოლო წუთებში. მაჟორიტარობის კანდიდატები მივედით, რომ დავსწრებოდით ჩვენი საჩივრების განხილვას, მაგრამ, მიუხედავად სურვილისა, არცერთი ჩვენგანი არ დაგვასწრეს განხილვაზე. სხდომიდან გამოუშვეს ჩვენი დამკვირვებლებიც. არამარტო გამოუშვეს, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი მამუკა ნაცვალაძე ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც იმყოფებოდა შენობაში და ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულება გვაქვს. თუმცა, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ცესკოს ადმინისტრაციამ ისიც კი იკადრა, რომ დროშა ჩამოაგდო, ხოლო პოლიციამ ფეხქვეშ გათელილი ჩვენი სიმბოლო არ აიღო. ჩვენი პოლიცია დაემსგავსა რუსეთის ომონს, მათთვის რუსული დროშაა სიმბოლო და ქართული არა. ამიტომაც მოგმართავთ, ჩვენ ამ საჩივრების განხილვას გავაგრძელებთ სასამართლოებში, თუმცა კლანის მიერ
მართული სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ამ ინსტაციასაც ამოვწურავთ, პარალელურად, კონსტიტუციის ფარგლებში ვიდგებით ქუჩებში და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვლება ცენტრალური საოლქო კომისია და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები,”-განაცხადა გალდავამ.

“ის ყველაფერი, რაც დღეს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, არის ჩრდილო კორეის პოლიტიკის მსგავსი”-ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

“როდესაც პარტია იძლევა განკარგულებას, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო, ეს არის ჩრდილო კორეის მაგალითი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს განცხადებაში იყო ხაზგასმული, როგორც ძალიან დიდი პრობლემა, რომ პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი წაშლილია. გუშინ ჩვენ მივიღეთ პარტიული დავალების საფუძველზე სასწრაფო უარი ყველა საჩივარზე. გადაგვამისამართეს მართულ, ჩინჩალაძე- მურუსიძის მართულ სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე “ქართული ოცნება”, რომელიც დღეს ხალხის ხმებს იტაცებს, ამ ხმების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ და ამის უფლება “ქართულმა ოცნებამ მათ არ მისცა,”-განაცხადა ლევან კობერიძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებული მოვლენები შეაფასა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა
ლევან სამუშიამ და განმარტა, რომ საქართველო დაადგა თურქმენიზაციის გზას, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სურს ჭორვილბაშობა.

“წარმოუდგენელი რამ ხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში. არცერთი ჩვენი საჩივარი არ განუხილავთ ყურით მოთრეული მიზეზის გამო, რომელიც არცერთ კანონში არ ჯდება. საქართველოში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ივანიშვილის ჭორვილბაშობას არ დაუშვებს,”-განაცხადა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტი მკურნალობს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : სრული აგონიაა, ისე იქცევიან, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში