ლელო: მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა

“მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” განცხადებაშია საუბარი. პარტია “ქართული ოცნების” წევრების მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება.

პარტია ,,ლელო-საქართველოსთვის” ეხმაურება საქართველოს პარლამენტში დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, პარტია ,,ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ,,პარლამენტის რეგლამენტის”, “ეთიკის კოდექსის” და ჩვენი საზოგადოების ღირებულებების უხეშ ხელყოფას.

პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია, ყოველგვარ ეთიკურ ჩარჩოებს გამცდარი პერსონალური თავდასხმა, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელდა. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული პოლიტიკური ვალდებულებები, როდესაც “პარლამენტის რეგლამენტის” გამოყენებით არც კი სცადა მისი ოპოზიციონერი კოლეგების უფლებები დაეცვა. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლება გასცდა პოლიტიური დებატებისთვის მისაღებ, თუნდაც ძალიან მწვავე ჩარჩოს და გენდერული ნიშნით, პიროვნული და მორალური დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ეწინააღმდეგება, ევროპულ ღირებულებებს გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გამყარებულია ქართული ტრადიციებით და რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი თავდასხმა ასევე ეწინააღმდეგება პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაციის ამოცანას, რაც გარდა იმისა, რომ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაყენებული 12 მოთხოვნიდან კვლავ შეუსრულებელ პუნქტად რჩება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე. აქვე გვსურს ხაზგასმა, რომ მსგავსი პერსონალური თავდასხმა ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ადრესატი.

იმისათვის, რომ პოლიტიკური დისკურსი ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობდეს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ თანაარსებობა როგორც საერთო ადამიანურ და ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმებულმა საზოგადოებამ, – წერს პარტია.

შეგახსენებთ, “ოცნების” დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და კომენტარი მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიბაია პატარაია: ბერაიამ დღეს რაც თქვა, მე გამიჩნდა განცდა, რომ ეს არის პირადი ცხოვრებით შანტაჟიც
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი – „ქართული ოცნების“ პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია არც ერთ ასპარეზზე