„ლელო“ იწყებს კამპანიას – „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – თავისუფლებისთვის, შენიმომავლისთვის“

„ლელო“ იწყებს კამპანიას – „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – თავისუფლებისთვის, შენი მომავლისთვის“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოდან“ იუწყება.

პარტიის ინფორმაციით, „ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება.

„როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.

ამოამრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა, ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში და მათი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა და არაფრად ჩააგდო. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა.

„ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა.

ამ კამპანიის ფარგლებში „ლელო“ იმუშავებს მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში ჩვენი ქვეყნის პატარა თუ დიდ ქალაქებში, სოფლებში… ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანამდე და მათ ხმას, სამართლიან მოთხოვნებს გავაგონებთ ყველას.

„ლელო“ იწყებს აქტიურ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად. ჩვენი მხარდამჭერები, აქტივისტები, პოლიტიკური ლიდერები კარდაკარ მივლენ ამ იდეის მხარდამჭერებთან, შეხვედრებზე საქართველოს რეგიონებსა და თბილისის უბნებში.

ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, online პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება.

ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. ლელო“ იწყებს! შემოგვიერთდით!“ – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდატბორილი ანაკლია და ადიდებული ენგური – ჩახერგილი არხის გაწმენდა ახლა დაიწყო
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს