ლელო: ევროპარლამენტარების თავდებობით მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას

პარტია ლელო განმარტავს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას, არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

“მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: *ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს*

მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხუთპუნქტიანი დოკუმენტიდან:

ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს”. – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

პარტიის ცნობით, აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ლელომ რეაგირება მოახდინა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო “ისეთი ზომები”, რომლებიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას – თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.

“ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ქართულმა ოცნება იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმასობრივი კრემაცია ინდოეთში ვირუსის საშინელების ილუსტრაციაა
შემდეგი სტატიარონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს