ლელო ე.წ კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ლელო ე.წ კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც პარტიაში განმარტავენ, მმართველი გუნდი გადაადგილების უფლების შეზღუდვით გაყალბებულ არჩევნებს ფარავს.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე ართქმელაძის თქმით, რეგულაცია არაკონსტიტუციურია, რადგან პანდემიის დროს ადამიანებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს და პრეზიდენტის დეკრეტის გაცემის საფუძველზე ეზღუდებათ, რეგულაცია კი, რომელიც კონკრეტულ საათებში მოქალაქეების გადაადგილების უფლებას კრძალავს არცერთს არ ითვალისწინებს.

“კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას, შეზღუდოს პირების გადაადგილება, ასევე არ აძლევს უფლებას, შეზღუდოს ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ შეჩერდეს კომენდანტის საათი. საკონსტიტუციო სასამართლოს კი მივმართავთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაასრულოს პროცესი და მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ და უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია”. – ამბობს თორნიკე ართქმელაძე.

ლელოს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციას გვერდი აუარა და ამ ფორმით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

“სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაზე წინ ბიძინა ივანიშვილის ნება დგას, სწორედ ივანიშვილის გამო მიიღეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. კოვიდ პანდემიას მხოლოდ მოკავშირედ იყენებენ. ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ. სწორედ ივანიშვილის ნების გატარებაა, სასამართლოზე ზეწოლა, მისივე ნების გატარებაა, ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. მთავრობა საერთოდ გავიდა სამართლებრივი სივრციდან და უარყოფენ საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში, კონსტიტუციის ფარგლებში, ხმის და თავისუფლად, როგორც გადაადგილების ისე ცხოვრების უფლებას დაიბრუნებს”. – თქვა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ვაშაძის განცხადების ახალ განმარტებაზე: მთლიანად ვეთანხმები!
შემდეგი სტატიავაშაძე: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს