ძალადობის ფორმებით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა არის მიუღებელი, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის და დაპირისპირების გაღრმავებას – მოვითხოვთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და დასჯილი, – ამის შესახებ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ასევე საგანგაშოა ისიც, რომ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებთან დაიგეგმა აქცია და ფიზიკური ძალადობის ახალი პოტენციური საფრთხე შეიქმნა.
„ლელო-საქართველოსთვის“ უკიდურესად შეშფოთებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტით, რომელიც ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელდა. ასევე საგანგაშოა, რომ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებთან დაიგეგმა აქცია და ფიზიკური ძალადობის ახალი პოტენციური საფრთხე შეიქმნა. ქვებს ესვრიან ახალგაზრდებს და ემუქრებიან.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ძალადობას, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვას.
ძალადობის ფორმებით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა არის მიუღებელი, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის და დაპირისპირების გაღრმავებას. ეს პროცესი ეწინააღმდეგება დემოკრატიული და კანონის უზენაესობის პრინციპებზე აგებული სახელმწიფოს არსს.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსგავსი არაერთი ფაქტის დაუსჯელად დატოვებამ, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან აგრესიის და ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთებამ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, ძალადობრივი გარემოს შექმნას პირდაპირ შეუწყო ხელი.
მოვითხოვთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და დასჯილი. მოვუწოდებთ პოლიციას მოქმედებისკენ და ახალგაზრდების დაცვისკენ.
სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას! ხელისუფლების მიერ მართული დაშინების და ძალადობის კამპანია ვერ აიძულებს ვერც დემოკრატიული ოპოზიციას, ვერც თავისუფალ მედიას და ვერც სამოქალაქო საზოგადოებას, შეწყვიტოს ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.