“ლელო” და “ენმ” ერთობის გეგმაზე მსჯელობისთვის მზად არიან – რას გადაწყვეტენ სხვა პარტიები?!

ოპოზიციის ერთობის გეგმა – “ლელო – ძლიერი საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ კონსულტაციებში დიდი ოპოზიცური ერთობის შესაქმნელად.

ცნობისთვის, ციხიდან გამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ დააანონსა, რომ შეხვდება ყველა პარტიის ლიდერს და იმ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საქართველოსთვის დამღუპველია.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათი კოალიცია ღიაა ისეთი ტიპის ერთობის მიმართ, რომელიც “კონკრეტული შინაარსის და სტრატეგიის საერთო გააზრებას ეფუძნება”.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია ისეთი ტიპის ერთობების მიმართ, რომელიც კონკრეტული შინაარსის და სტრატეგიის საერთო გააზრებას ეფუძნება. ერთობა ერთობისთვის არ არის საინტერესო არავისთვის, მე ვფიქრობ, არც ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ერთობა, რომელიც ეფუძნება საერთო სტრატეგიულ ხედვას და თანხვედრას სტრატეგიის გააზრებაში, რა თქმა უნდა, არის საინტერესო და მე ვფიქრობ იქნება ძალიან კარგი და რეკომენდებული. თუ შევხედავთ ისტორიულ პრაქტიკას დავინახავთ, რომ ერთიანობის ძირითადი მტერი ყოფილა ის, რომ სტრატეგია არ იყო წინასწარ გააზრებული და შეჯერებული და ამა თუ იმ საკითხზე სტრატეგიული უთანხმოება ხდებოდა ხოლმე ამა თუ იმ ერთობის ნაკლები ეფექტიანობის მიზეზი. ამიტომ, ეს აღარ უნდა დავუშვათ, თუ ვსაუბრობთ ერთობაზე, უნდა ვისაუბროთ ისეთი ტიპის ერთობებზე და კოორდინაციაზე, რომელიც წინასწარ განჭვრეტილ, შეჯერებულ სტრატეგიას დაეფუძნება,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, იგორ ნარმანია განმარტავს, რომ დიქტატურის პირობებში ერთიანობა მნიშვნელოვანია და ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩართულია წინააღმდეგობის მოძრაობაში, აუცილებლად უნდა იყოს ამ ინიციატივის თანაზიარი და მომხრე.

რა თქმა უნდა, გვაქვს სრული მზაობა ერთიანობასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც იქნება ერთიანობისკენ და სინერგიისკენ მიმართული და ამ საკითხების ირგვლივ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” არის მისაღები იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ საკითხის მნიშვნელობაზე მითუმეტეს დიქტატურის პირობებში. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური პარტია და არ აქვს ამას მნიშვნელობა, ნებისმიერი ადამიანი რომელიც ჩართულია წინააღმდეგობის მოძრაობაში, აუცილებლად უნდა იყოს ამ ინიციატივის თანაზიარი და მომხრე,” – ამბობს იგორ ნარმანია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
შემდეგი სტატიაყულევის ტერმინალი და ბრიტანეთის მოთხოვნა – გადადგამს, თუ, არა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სარისკო ნაბიჯს საერთაშორისო სანქციების ფონზე?!