ლელა ქიტესაშვილი : განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში, კვლავ წარმატების იმედი მაქვს

განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში, კვლავ წარმატების იმედი მაქვს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა. სახელისუფლებო კანდიდატი თიანეთის მე-20 უბანზე ხელახალი კენჭისყრის დანიშვნას არ გამორიცხავს.

როგორც ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა, სურვილი აქვს, რომ საოლქო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს. თუმცა, მისივე თქმით, თუ აღნიშნული უბნის შედეგები გაუქმდება, ქიტესაშვილი მზადაა ხელახალი არჩევნებისთვის.

ქიტესაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რა მოხდა არჩევნების დღეს თიანეთის მე-20 გადამწყვეტ უბანზე. ასევე, კანდიდატმა განმარტა, რატომ მოხდა მათ მიერ საჩივრის არა უბანზე, არამედ პირდაპირ საოლქო კომისიაში დაწერა.

„საჩივარი საოლქოს წარმომადგენელმა დაწერა. ასევე, უბანზე სხვა წარმომადგენლები და ჩვენი დამკვირვებლებიც იყვნენ. უბანის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაც გაუგებრობა იყო. ფაქტია, რომ სააჩვარი უბანზე რაღაც მიზეზების გამო არ დაწერილა. შესაბამისად შტაბში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ საჩივარი პირდაპირ საოლქოში შეგვეტანა“, – განაცხადა ქიტესაშვილმა.

ამასთან, მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ორგანიზაცია თიანეთის მე-19 ოლქის მე-20 უბანზე არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს და მიზეზად უბანზე არსებულ დარღვევებს ასახელებს. სასამართლოში საიას და თამაზ მეჭიაურის ერთობლივი სარჩელიც არის შესული, რომელიც საოლქო კომისიის იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა და „ქართული ოცნების“ კანდიატს 5 ხმა დაემატა, რის შემდეგაც მან კონკურენტს 4 ხმით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ თითმმართველობის არჩევნებში, ლელა ქიტესაშვილს, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, თიანეთში ხმების 50.03 % აქვს მიღებული და ის თამაზ მეჭიაურს ოთხი ხმით უსწრებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს ხვდება
შემდეგი სტატია“რა დავალებასაც მივიღებ, შევეცდები ღირსეულად გავართვა თავი” – ალიგებაშვილი