ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯაროდ ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა რეალურად იციან მათი წონა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.
ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ აღარ დარჩა გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, რომელსაც მმართველი პარტიის მიმართ მკაცრი პოზიცია არ ჰქონდეს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს აღქმა, თითქოს მთელი სამყარო მათ ებრძვის, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მსგავს ძალაუფლებაზე დამოკიდებულებასა და აზროვნებას ჰგავს. ანალიტიკოსმა მმართველი გუნდის წევრები ფრანგული ფილმის, „თოჯინას“ პერსონაჟებს შეადარა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ლიდერის წყალობით ყველაფრის უფლება აქვთ.
„თავს ირწმუნებენ, რომ იმ რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩალის ფასი აქვს, მაგრამ კარგად იციან რა ფასიც აქვს. აშშ-ს საელჩოს მიღებაზე დასწრებას რომ მოვლენად თვლიან, როგორ შეიძლება იმ ხალხმა თქვას ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ზუსტად იციან, რომ ამას ფასი აქვს და ამ ფასის გადახდა მოუწევთ იმიტომ, რომ ეს რეზოლუციები სულ უფრო მძიმე ხდება“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
















