„აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ახლოს არ უნდა გავეკაროთ ნარკოტიკს, რომელსაც წინა საარჩევნოდ უხვად შემოგვიტანენ, რომ რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებს მასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ“ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.
„ფილმი აფხაზეთზე, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია , სამწუხაროდ არ მინახავს. ვერაფერს ვიტყვი. აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ახლოს არ უნდა გავეკაროთ ნარკოტიკს, რომელსაც წინა საარჩევნოდ უხვად შემოგვიტანენ, რომ რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებს მასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. თავის დროზე აფხაზეთმა რუსეთსა და საქართველოს შორის აირჩია ძლიერის მხარეს დგომა. ეს იყო და ეს. ახლა ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ მე ამის მჯერა და ეს ჩემი უფლებაა. 30 წლის წინ, რომ ის ომი სხვაგვარად დამთავრებულიყო, როგორც სომხეთი გახდა ყარაბაღის მძევალი, ასევე ვიქნებოდით ჩვენც აფხაზეთის მძევალი და შანსი რუსეთისგან თავის დაღწევის ჩვენც და აფხაზეთსაც გვექნებოდა მინიმალური. როდესაც მარცხზე და გამარჯვევაზე ვსაუბრობთ, მთავარია ვიცოდეთ , რა არის მთავარი მიზანი. თუ ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაშინ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დამარცხებულები არ ვართ. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ჩვენს მიზანს და ახლა ბოლო ფინალური გამარჯვება გვაქვს მისაპოვებელი. აფხაზეთის ბედი, შეინარჩუნებს თუ არა აფხაზი ხალხი საკუთარ იდენტობას და ფიზიკურ არსებობას ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. სუსტი არავის უყვარს. სუსტებს არ ირჩევენ. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ საკუთარი თავის და აფხაზების გადასარჩენად. ნუ ვიქნებით სულსწრაფები და ჩვენს თავს ასე იოლად ნუ დავასვამთ ხოლმე დამარცხებულის დამღას. ვისწავლოთ რომ გუშინ აღარ არსებობს, ხვალ ჯერ არსებობს. არსებობს მხოლოდ დღეს . დღეს კი ჩვენ ჩვენი და აფხაზეთის საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით და აღარ გვაქვს უფლება ვიყოთ სუსტები. გამარჯვებულები ერთმანეთს ბოდიშს არ უხდიან, გამარჯვებულები ახალი გამარჯვებებისთვის ემზადებიან“ – წერს ჯეჯელავა.