2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ლეილა ცომაია: 1994 წლის 23 თებერვალს ზვიად გამსახურდია, ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა სამხედრო პატივით დაკრძალა გროზნოში

“დღეს 23 თებერვალია! 1994 წლის 23 თებერვალს, შევარდნაძის ხუნტისტური რეჟიმის მიერ ლიკვიდირებული და სიკვდილშიც დევნილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა სამხედრო პატივით დაკრძალა გროზნოში. დუდაევმა თარიღი 23 თებერვალი საგანგებოდ დაამთხვია კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იჩქერიის დედაქალაქში დაკრძალვას ვაინახი (ჩეჩენი და ინგუში) ხალხის რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიიდან დეპორტაციის 50 წლისთავს.

საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვას გროზნოში 2 ათასამდე ჩასული ქართველი დაესწრო, მიუხედავად იმისა რომ შევარდნაძის ხუნტამ ყველა ღონეს მიმართა, რათა დაებრკოლებინა წამსვლელები. მთელი კვირის განმავლობაში გათიშა ელექტრო-ენერგია, წყალი, გაზის მოწოდება, აეროპორტამდე არ მოძრაობდა ავტობუსები და ეკლესიებშიც კი, იმ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად შეზღუდეს სანთლების გაყიდვა და სულზე მხოლოდ თითო სანთელს იძლეოდნენ. მთელი კვირის განმავლობაში დავრბოდით ეკლესიებში, რათა საჭირო რაოდენობის სანთლები შეგვეგროვებინა გროზნოში წასაღებად. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ქართველმა ერმა უნდა იცოდეს ეკლესიის იერარქიის მაშინდელი დამოკიდებულება დევნილი პრეზიდენტისადმი; იმხანად პატრიარქის რეზიდენცია სიონის ეკლესიის გვერდით მდებარეობდა. მე და ჩემი მეგობრები მივედით პატრიარქის რეზიდენციასთან, რათა გვეთხოვა 300 სანთელის შესყიდვის უფლება გროზნოში წასაღებად. პატრიარქმა, ერთი საათის ლოდინის მიუხედავად, არ მიგვიღო. შევბრუნდით სიონის ეკლესიაში და ეპისკოპოსს (გვარი არ მახსოვს) ვთხოვეთ, იქნებ ეთხოვა პატრიარქისთვის, რომ ამ განსაკუთრებული ვითარებისთვის დაეშვათ ჩვენთვის სანთლების შესყიდვის უფლება. ეპისკოპოსი, ყოყმანის მიუხედავად, მაინც წავიდა რეზიდენციაში, მაგრამ საათნახევრის გასვლის შემდგომ მივხვდით, რომ ამაოდ ველოდით.

სხვადასხვა ეკლესიებში სულ სამოცდაათამდე სანთლის შეგროვება და წაღება შევძელით. ღმერთმა ყველას შეუნდოს…

პირველ ფოტოზე გროზნოს მარმარილოს სასახლეში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატიო ყარაულში დგანან: ვახტანგ ბოჭორიშვილი, ნოდარ ჯალაღონია, გურამ შარაძე, სოსო სიგუა. მესამე ფოტოზე – გროზნოდან დაბრუნება, თვითმფრინავის ტრაპზე, უკან მომყვება თინათინ მღვდლიაშვილი.

უნდა ითქვას, რომ არც გროზნოში გაფრენა და არც დაბრუნება აღმოჩნდა ჩვენთვის უსაფრთხო; შევარდნაძის ხუნტისტური რეჟიმი აეროპორტში აღრიცხავდა და უთვალთვალებდა ყველა ჩვენგანს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ვერ წამოვიდნენ დაკრძალვაზე გროზნოში, მაგრამ მათ საკუთარი მანქანებით შემოგვთავაზეს აეროპორტში მიყვანა, გაცილება და ყვავილების კალათების მიტანა ტრაპამდე. როცა გროზნოდან დავბრუნდით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შევარდნაძის უშიშროებამ გზაზე სდია ჩვენს გამცილებლებს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ხოლო გროზნოდან დაბრუნებულებს კი უშიშროების მთელი ბრიგადები დაგხვდა აეროპორტთან, რომლებიც გვთავაზობდნენ თავიანთი მანქანებით სახლებში უფასოდ მიყვანას. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ რომელიმე მათგანი არ შეეტყუებინათ უშიშროების მანქანებში. მე დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდით და მქონდა ვალდებულება თანმხლები პირების ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნებისა, უშიშროება კი პირდაპირ ნადირობდა ჩვენზე,-წერს ზვიად გამსახურდიას თანამენრძოლი, ჟურნალისტი ლეილა ცომაია.

banner
წინა სტატიაშიახალი ბარათი მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკისგან
შემდეგი სტატია“ერთი ყაველაშვილია პრეზიდენტი და მეორე თქვენ ხართ მოსამართლე”- გია ბარამიძე