ლეილა აბაშიძე უკვე ქართული კინოს ისტორიის კუთვნილებაა

ლეილა აბაშიძე და საბა მეტრეველი

ლეილა აბაშიძე უკვე ქართული კინოს ისტორიის კუთვნილებაა, დღეს ის ქართულმა მიწამ მიიბარა! დამთავრდა კინოლეგენდის ამქვეყნიური ცხოვრება!
მუდამ ოპტიმისტური, შთაგონებული, იდეებით ანთებული, მეოცნებე, უსაზღვროდ ლურჯი სევდით სავსე თვალებით…
ვერავინ დაივიწყებს მის ღიმილს, საოცარ გულწრფელობასა და სიცოცხლის ტრფიალს…
რამდენი უთქმელი დარდი გაიყოლა, რამდენი ტკივილი… მაგრამ დარჩა მისი მარად ცოცხალი ხელოვნება – ქართული კინოს რენესანსი, ეპოქა კინოხელოვნებაში, იმ რანგის პოპულარობა, რომელიც არცერთ ქართველ კინომსახიობს არ ღირსებია!
ლეილა აბაშიძე ქართული ნიჭის გაელვება იყო…
ლეილა აბაშიძე იყო დღესასწაული, სიყვარული, მარადიული სიახლე და თავდადებული ერთგულება ურთიერთობებში!
მისმა ცხოვრებამ დაგვანახვა, რომ არც ტალანტს, არც გარეგნობას, ფაქტურას, არც ოსტატობას არა აქვს აზრი, თუ საჭირო არ აღმოჩნდი რეჟისორისთვის – ეს უკვე, თავისთავად, პასუხია იმაზეც, თუ რამდენად ტრაგიკულია, ზოგადად, მსახიობის პროფესია.
აბა, წარმოიდგინეთ, ბოლო როლი კინოში 1986 წელს ითამაშა – მის შემდეგ 32 წელი გავიდა და ლეილა აბაშიძე 32 წელი ელოდა კინოკამერის წინ მუშაობას… ამ იძულებით უმოქმედობას იტანდა ღირსებით, სიმშვიდით, აგრესიისა და სასოწარკვეთის გარეშე – ასე მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ესეც მისი უსაზღვრო კეთილშობილებისა და მაღალი არისტოკრატული კულტურის მარკერია!

ლეილა აბაშიძე და საბა მეტრეველი.

ლეილა აბაშიძე ღვთის საჩუქარი იყო…
ყველაზე ლამაზმა, კეთილმა, უსაზღვრო ნიჭისა და ფანტაზიის პატრონმა იცხოვრა დიდი სათნოებით, უკეთესი მომავლის იმედით და ასე დარჩა გამოუსწორებელ ოპტიმისტად!
დღეს საბოლოოდ დამთავრდა ზღაპარიც ჩვენი სიყვარულისა, ქალბატონო ლეილა… და დამრჩა ჩვენი შეუმღვრეველი მეგობრობა იმედად, ნუგეშად, ხსოვნად, გაკვეთილად…

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშიგენერალი გოგი თათუხაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორისგან მასალების მიღებას ითხოვს
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა “ისლამური სახელწმიფოს” წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა