ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საღამო ხანუქას დღესასწაულს მიეღვნა. ღონისძიებას თბილისის მერი, დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო.

საქველმოქმედო საღამოზე 200 ბილეთი გაიყიდა. ვახშამს ისრაელის დელაგეაციის წევრები, ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შემოსული თანხა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ანგარიშზე აკუმულირდა, საიდანაც, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადაირიცხება.

„ხანუქა გამარჯვების, სიახლის, განახლების სიმბოლოა და ამიტომაც, ჩვენ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან ერთად, გადავწყვიტეთ, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ხანუქას დღესასწაულთან დაგვეკავშირებინა. საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინ, ჩემი ისრაელში ვიზიტისას ჩვენს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მჭიდრო გახდა. ამჟამად ოთხი ერთობლივი პროექტი ხორციელდება, ჯამში 60 მლნ დოლარის ღირებულების. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამარტივდეს ურთიერთობები, შეიქმნას ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო. მინდა, ცალსახად აღინიშნოს, რომ ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და თბილისის მერია, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში ეს კავშირი გახდეს უფრო მტკიცე და ურყევი. ასევე, მისასალმებელია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას შევძლებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქველმოქმედო საღამო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, ისრაელის სახლი, ისრაელის ქნესეთი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალურად საქველმოქმედო საღამოსათვის თბილისში ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.

საქველმოქმედო საღამოზე საუბარი მიმდინარე წელს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო.

საქველმოქმედო ვახშამზე აინთო ხანუქას პირველი სანთელი. დღესასწაული საქართველოში მეთორმეტე წელია აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შემდეგი სტატია,,არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს”