“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელს და პოლიტიკურ ანალიტიკოსს შეხვდა.

„გაიმართა შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, რა დროსაც ხაზი გავუსვით ამ არჩევნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც სცილდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმატს. აქ წყდება საკითხი, საქართველო დარჩება რუსი ოლიგარქის გუბერნიად და ტერიტორიულ ერთეულად, თუ დაბრუნდება იმ დემოკრატიულ სივრცეში, რომელშიც მოსახვედრად შევწირეთ ათასწლეულები.

იმავდროულად, მოვითხოვე, „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუბრუნდეს წართმეული საარჩევნო კომისიის წევრები და გაუქმდეს პარტიის აკრძალვა, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მიიღო იმის გამო, რომ არ მოვიხარეთ ქედი, შევასრულეთ სიტყვა და არ შევედით პარლამენტში. ჩვენი კომისიის გარეშე ვინ უნდა დათვალოს ხმები და ვინ უნდა მოაწეროს ოქმზე თავისი დასტური, სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ პირადი სიმპათიის მიუხედავად, ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს არ ენდობიან.

„გარდა ამისა, აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად პირადი სიმპათიებისა ბატონი იონსონისა და მისი მეგობრების მიმართ, არ ვენდობით ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც ყველა ბოლო არჩევნებში პრაქტიკულად მხარი დაუჭირეს რუს ოლიგარქს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეხვედრის მთავარი თემა არჩევნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იყო.

შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კომისიაში საკუთარი პარტიის წევრების დაბრუნებას ითხოვს. ლეიბორისტების ლიდერთან შეხვედრის სურვილი ეუთოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბომბდამშენით შემოაფრენს, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში ამოვლენ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: დღეს არცერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე