17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულდა — დაცვის მხარის განმარტება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულდა. საგამოძიებო მოქმედებები ექსპრემიერის მიერ გავრცელებულ ბოლო წერილს ეხებოდა, სადაც მან ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებისა და სხვა ბუნდოვანი თვითმკვლელობების საქმეებზე დასვა კითხვები.

ციხის დატოვების შემდეგ ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა გამომძიებლებს იგივე გარემოებები დაუდასტურა, რაც საჯარო მიმართვაში ჰქონდა ჩამოყალიბებული.

ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილს კონკრეტული წყარო არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, თუ რატომ გაუჩნდა კითხვები ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი. წყაროზე მას არ უსაუბრია. ირაკლიმ თქვა, რომ როდესაც მას ივლისში მიუვიდა წერილი, სადაც პირველ პუნქტად იყო აღნიშნული დიტო ჩუბინიძე, აინტერესებდა, რატომ იყო მაინც და მაინც ის, როდესაც იყვნენ სხვა ადამიანებიც. როდესაც ამ წერილის შემდგომ დააკავშირა და გაიხსენა ფაქტები, რომ 12 თებერვალს შეუგზავნეს სტატია და იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ის ხომ არ იდგა ამ სტატიის უკან, საუბრის დროს გაიგო სტატიის რესპონდენტის გარდაცვალების შესახებ. მანამდეც, არაერთ მედიაში იყო გავრცელებული ეჭვები მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ირაკლიმაც დასვა ეს კითხვა“, — განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

კითხვაზე, უნდა გამოიკითხონ თუ არა საქმეზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ეს უშუალოდ გამოძიების პრეროგატივაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ეჭვქვეშ დააყენა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და აღნიშნა, რომ „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მომხდარ არაერთ თვითმკვლელობაზე საზოგადოებას პასუხები დღემდე არ აქვს.

პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებულია, გავრცელებული განცხადებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.

banner
წინა სტატიაში“ვინ მოგცათ უფლება, აკრიტიკოთ ბიჭები, რომლებმაც შეწყალება დაწერეს?”- გიორგი მინდაძე
შემდეგი სტატიათამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: დაკავებული ბიზნესმენი ბრალს არ ეთანხმება