ლავროვთან საუბარში ბლინკენმა საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან საუბრისას საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, წამოჭრა 2020 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და SolarWinds-ის ინციდენტი. სახელმწიფო მიდვანი და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე, რომლებზეც ურთიერთწუხილი არსებობს, დისკუსიას გააგრძელებენ”. – წერია პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაში.

ბლინკენმა და ლავროვმა ახალი START-ის ხელშეკრულების გაგრძელებასა და ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალი რეჟიმის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც პასუხს გასცემს რუსეთის ბირთვულ იარაღსა და ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეს.

“სახელმწიფო მდივანმა მტკიცედ გაიმეორა პრეზიდენტის ბაიდენის მკაფიო პოზიცია, ამერიკის მოქალაქეების დაცვისა და ამერიკის ინტერესების მტკიცედ დასაცავად რუსეთის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენს მოკავშირეებს. ეს მოიცავს პოლ უილანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ მიეცეთ აშშ-ში, სახლში, თავიანთ ოჯახებთან დაბრუნება”. – წერია განცხადებაში.

ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გეგმის წარდგენისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი ერთერთ მთავარ გლობალურ გამოწვევად მოიხსენია.

“ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსებს. ჩავერთვებით არა იმიტომ, რომ გავუმკლავდეთ გუშინდელ გამოწვევებს, არამედ დღევანდელსა და ხვალინდელს. ამერიკული ლიდერობა მზად უნდა დახვდეს ამ ახალ მომენტს ავტორიტარიზმისა, მათ შორისაა ჩინეთის მზარდი გავლენები და რუსეთის განზრახვა, ძირი გამოუთხაროს და დააზიანოს ამერიკული დემოკრატია. ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ გლობალური გამოწვევების ამ ახალ მომენტს, დაწყებული პანდემიით, გაგრძელებული კლიმატის კრიზისითა და ბირთვული იარაღის გავრცელებით”. – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაენტონი ფაუჩი – თუ კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ