რუსულ სატელევიზიო არხ „ზვეზდასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „წმინდა ნაცისტად და ებრაელი ხალხის მოღალატედ“ იქცა. მისი თქმით, ზელენსკი ხელისუფლებაში მოვიდა მშვიდობის ლოზუნგებით და „რუსული ენისთვის ხელის არ ხლების“ თხოვნით, თუმცა დასავლელმა პოლიტიკოსებმა უკრაინის პრეზიდენტს ექვს თვეში პოზიცია 180 გრადუსით შეაცვლევინეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელს რეაგირებისკენ მოუწოდა,-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, გიორგი ტიხიმ განაცხადა.
„ასეთი განცხადებები მხოლოდ უგუნურება არ არის. მათ უნდა ვუწოდოთ ის, რაც სინამდვილეშია: ანტისემიტიზმი. მოვუწოდებთ ისრაელსა და ებრაულ ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში, დაგმონ ლავროვის განმეორებითი და აღმაშფოთებელი ტყუილები“, – დაწერა პრეს-სპიკერმა სოციალურ მედია „X“-ზე.
ტიხიმ გაიხსენა, რომ 2022 წელს ლავროვმა, ვლადიმირ ზელენსკის ებრაული წარმომავლობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა“. მაშინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ რუსი მინისტრის სიტყვები „უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომაა“