რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გაწყდა – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის სერგეი ლავროვის წერილში, რომელიც რუსეთის დუმას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატის ვიტალი ზოლოჩევსკის სახელზეა. მან წერილი ლავროვს ამა წლის ივნისში მისწერა. ზალოჩევსკიმ თავის წერილში დაინტერესება გამოხატა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მექანიზმებზე.
სერგეი ლავროვის წერილში ხაზგასმულია რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობა.
“რუსული მხარე ამისათვის ძალისხმევას არ იშურებს, რომლის შედეგადაც, უკანასკნელი წლების მანძილზე აღსდგა სატრანსპორტო მიმოსვლა, დინამიურად იზრდება ვაჭრობა, საქართველოს მოქალაქეებისათვის ლიბერალიზებულია სავიზო რეჟიმი, ვითარდება ჰუმანიტარული კავშირები” – ნათქვამია წერილში.
რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ლავროვი წერს, რომ ეს საკითხი ქართული მხარის პოზიციის გამო გადაუჭრელია: “მზად ვართ 2008 წლის სექტემბერში ქართული მხარის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებიც აღვადგინოთ, მაგრამ ოფიციალური თბილისი დაჟინებით მოითხოვს ჩვენს მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკების არაღიარებას” – ნათქვამია წერილში.
ამასთანავე, ლავროვი საქართველოს პარლამენტს 2013 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის “საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართულებების” გამო აკრიტიკებს. რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკის ამოცანაა “დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.
რუსეთი გააგრძელებს თანმიმდევრულ მუშაობას საქართველოსთან “ორმხრივი ურთიერთობის გასაჯანსაღებლად იმ მიმართულებებით, სადაც ეს შესაძლებელია და თბილისის მზადყოფნის გათვალისწინებით ” – წერს ლავროვი.