რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ტარდება, მოსალოდნელისგან განსხვავებული მარშრუტით ჩაფრინდა. როგორც მედია წერს, ეს მოხდა ოფიციალური სოფიას გადაწყვეტილების გამო, რომ გადაფრენის ნებართვა არ ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს – მარია ზახაროვას.
რუსული სამთავრობო მედია “ტასი” წერს, რომ მინისტრთა თვითმფრინავის მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 4 ათასი კმ იყო, მოგზაურობას ხუთ საათზე მეტი დასჭირდა. ლავროვის თვითმფრინავმა გადაუფრინა თურქეთსა და საბერძნეთს, თუმცა მანამდე ბულგარეთის გავლით მარშრუტი იყო მოსალოდნელი.
“როგორც TASS-მა შეიტყო, ბულგარულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თვითმფრინავის გადაფრენაზე, თუ ბორტზე რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა იმყოფებოდა”, – წერს გამოცემა.
“ტასი” ციტირებს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას – “ნებართვა არ ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორს, მარია ზახაროვას, რომელიც სანქციების სიაში ფიგურირებს, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”.
ლავროვიც სანქცირებულთა სიაშია, თუმცა მანამდე, მინიჭებული ნებართვის კომენტირებისას, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ეხება ლავროვის დელეგაციის სხვა წევრებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან.