ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას გამოეხმაურა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება არ არის სიტუაციის გამწვავება, ეს არის „ვალდებულებების შესრულების ბალანსის დაცვა“. ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ დაფინანსების შეჩერებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი.

„მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა. შეთანხმებები პარლამენტების მიერ არის რატიფიცირებული. ან დოკუმენტების მიხედვით, მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ამ ვალდებულებათა ბალანსი დაცული უნდა იყოს და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს მშვენივრად ესმით“, – განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მოსკოვში მიიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის ორგანიზება შეგვიძლია. ჩვენი ყველა უწყება აწარმოებს შესაბამის სამუშაოს აფხაზ კოლეგებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ – მთავარია, რომ ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულება მოხდეს,“ – განაცხადა ლავროვმა.

როგორც 3 სექტემბერს სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, მოსკოვმა სოხუმს 1-ელი სექტემბრიდან დაფინანსება შეუჩერა. სოციალური გადახდების შეჩერება ოკუპირებული რეგიონის მასწავლებლებს, ექიმებს, ძალოვან უწყებებს და სხვა ადამიანებს შეეხება. მოსკოვმა სოხუმი ადრე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენაზე მორატორიუმის მოხსნას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ბიძინას ეპრანჭება – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი” ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არ ეშინიათ