ლავროვი – მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს

მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია „მედიასეტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვის თქმით, ოპერაციის მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისთვის „შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის“ განეიტრალება.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ისინი აკავებენ და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „აშშ და კანადა ავარჯიშებდნენ ნეონაცისტებს, რომლებიც შემდეგ უკრაინის არმიას შეუერთდნენ“. ლავროვის თქმით, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაჟღერებული გაფრთხილებები ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერებისა და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც არ იქნებოდა დაკავშირებული ახალი ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში გაწევრიანებასთან, უარყოფილ იქნა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დონბასში უკრაინამ 100 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი, რამაც აიძულა რუსეთი, ეღიარებინა ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად და დახმარებოდა სამხედრო გზით.

„როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, მთელი ამერიკული ელიტა ხელმძღვანელობდა ზბიგნევ ბჟეზინსკის „ანდერძით“, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინის გარეშე, ეს არის რეგიონული ძალა, რომელიც სერიოზულს არაფერს წარმოადგენს. ისინი ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ, უკრაინას შეტევითი იარაღით ავსებდნენ, ყოველმხრივ ახალისებდნენ მის მილიტარიზაციას ღია ანტირუსული მიკერძოებით, ამ ქვეყანას ნატო-ს ეგიდით ათეულობით წლიურ სამხედრო წვრთნაში ითრევდნენ. უკრაინის ტერიტორიაზე მრავალი წვრთნა ჩატარდა. ამ ვარჯიშების ლეგენდა 90 პროცენტ შემთხვევაში იყო ანტირუსული“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიამოვითხოვთ, ზელენსკიმ უბრძანოს თავის სამხედროებს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ლავროვი