ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგის ისტორიულ სასახლეში „ზიემელბლაზმა“ საზეიმო მიღება გამართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საზეიმო მიღებას მუსიკალურ არანჟირებას უკეთებდა ლატვიის კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი, ლატვიაში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი ცირა თოლორდავა და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩამოსული ანსამბლ „ქართული ხმების“ კვარტეტი.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოს და ლატვიის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით, რის შემდეგაც საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ლატვიურ ენაზე მიმართა.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის, ლატვიაში ქართული სათვისტომოს მოღვაწეობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ელჩის სიტყვის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ქართული, ლატვიური და კლასიკური მუსიკის შედევრები.
ღონისძიებას დაესწრნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინის და სხვა სფეროების წარმომადგენლები, ასევე ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ქ. თბილისში დაესწრება ლატვიის პარლამენტის სპიკერი ინარა მურნიეცე, აგრეთვე, საქართველოს ეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან
შემდეგი სტატია,,ჩვენი სურვილია, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება მოამზადონ”