ლაშქრობის გლობალური პროექტის HIGHLANDER Georgia-ს პრეზენტაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში ლაშქრობის გლობალური პროექტი „HIGHLANDER“ გაიმართება. პროექტის ორგანიზატორებმა HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში პოტენციური „ჰაილენდერების“ წახალისების მიზნით ლაშქრობით დაინტერესებულებს გეგმები გააცნეს. „HIGHLANDER Adventure” გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. პროექტი წელს პირველად საქართველოში, სვანეთში მოეწყობა. ლაშქრობა 25-27 აგვისტოს ბეჩოდან უშგულამდე გაიმართება. ღონისძიებაში ასობით ადგილობრივი და უცხოელი მოლაშქრე მიიღებს მონაწილეობას.
პრეზენტაციაზე სპიკერებმა მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საერთაშორისო დონორების წვლილის, HIGHLANDER Georgia-ს როლის, ასევე სვანეთის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის შესახებ ისაუბრეს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ავტრიის ელჩმა თომას მიულერმა, აგრეთვე პროექტის GRETA – ჯგუფის ხელმძღვანელმა რიკარდო მონტანარმა, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და HIGHLANDER Georgia-ს პროექტის დირექტორმა თევდორე მაყაშვილმა.
პრეზენტაციის ფარგლებში მომხსენებლებმა HIGHLANDER-ის ლაშქრობაში მონაწილეობის მიზნით საჩვენებელი რეგისტრაცია გაიარეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ეთნოგრაფიული მუზეუმიდან „დაკარგულ ქოხამდე“ლაშქრობა მოაწყვეს.
HIGHLANDER Georgia-ს მიზანია ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა.
HIGHLANDER GEORGIA ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში გაიმართება.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შანლენდი“ (დაფუძნებული ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში), სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, თიბისი ბანკი, „ჯეოლენდი“, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე, „ტერმინალი“, სოციალური მედია პარტნიორია – „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“.

წინა სტატიაშიუკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს – ალასანია
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოების წევრების გასვლაზე – თუ რეჟისორს მოვიწვევდით, სერიოზულ კომედიას გადაიღებდა – პარტიას რა უნდა დაარქვან, „ოცნების ბუსტერი“?