ლაშა ჟვანია ტექნიკურ შეცდომას უწოდებს ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ტექნიკურ შეცდომას უწოდებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს. ამის გამო, ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ.

„ეს იყო ტექნიკური საკითხი, მაგრამ როგორც ნახეთ, პრესსპიკერმა მერე წაიკითხა გვარები.

არ მინახავს მამის პროტესტი, მაგრამ ეს იყო ტექნიკური და სიაში ნამდვილად იყო ჩაწერილი თამრიკო ჭოველიძე“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება განრისხებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დაგვიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენეს, რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა,“ – ამბობს ჭოველიძის მამა.

banner
წინა სტატიაშიავლაბრის სასახლე თამარ ჭოველიძის მამამ პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ტრიბუნა გურამ პეტრიაშვილმა დაიკავა და მოთხოვნები დააყენა(+ვიდეო)