ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებს-ნოვაცია “ქურდულ” სამყაროში

ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებს

ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებსლაშა შუშანაშვილი – მითი და რეალობა! რატომ უჩივლა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჟურნალისტს ქარტიაში? რა სახის სარჩელი შევა სასამართლოში და რატომ? შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, შუშანაშვილის რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ყოფნის შესახებ და არის თუ არა მოსალოდნელი მორიგი „ქურდული სხოდკა“, სადაც ძალების გადანაწილების შესახებ „იმსჯელებენ“.
„თაიმერი“ ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ლაშა შუშანაშვილის ადვოკატს, ნანი ფრიდონაშვილს:
_ 2015 წლის 13 ივლისს, გაზეთ კვირის პალიტრაში ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ გამოაქვეყნა სტატია – სათაურით „რისთვის იყენებს ქართული მაფია საბერძნეთის კრიზისს“, ქვესათაურით – „დატოვებს თუ არა ციხეს ლაშა შუშანაშვილი“. მიუხედავად იმისა, სათაურიც და ქვესათაურიც კითხვის შემცველია, წინადადების ბოლოს სათანადო სასვენი ნიშანი არ იყო დასმული, სტატიას თან ერთვოდა ლაშა შუშანაშვილის სურათი წარწერით – „2012 წელს ბერძნებმა ქართველი მაფიის ბოსი დააკავეს.“ სტატიის ავტორი ლაშა შუშანაშვილს „ქართული მაფიის“ ერთ-ერთ ბოსად მოიხსენიებს და წერს: „ქართული კრიმინალური დაჯგუფებები უკვე აკონტროლებდნენ, საქართველო-საბერძნეთის, როგორც ტვირთის გადამტან, ასევე მგზავრების გადამყვან საზღვაო და სახმელეთო მარშრუტებს, ბეწვით მოვაჭრე მაღაზიებს, კურორტების რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს“. ასევე სტატიაში წერია, რომ „საბერძნეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფები ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ყალბ საბუთებს“. ამ ქმედებებიდან არ არის გამიჯნული ლაშა შუშანაშვილი. როგორც სტატიის სათაურში, ისე თავად სტატიაში მხოლოდ ლაშა შუშანაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებს და მხოლოდ მისი ფოტო ერთვის სტატიას. თავად სტატია ისეა აწყობილი, რომ მასში მოყვანილი ყველა „ფაქტი“, დანაშაული მიეწერება ლაშა შუშანაშვილს. „ქართული მაფიის’ ბოსად მოხსენიებულია შუშანაშვილი. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ის სქემა, რითაც „ქართულ მაფიას“ ნარკობიზნესში თავი უნდა დაემკვიდრებინა და ამ სქემის ერთ-ერთ რგოლად, ჟურნალისტი საზოგადოებას ლაშა შუშანაშვილის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას აწვდის: „საინტერესოა, რომ ციხეში შუშანაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება აკრძალა და ამით შემოსავლის წყარო გადაუკეტა ალბანელებს, რომლებიც საბერძნეთის ციხეებში დაუბრკოლებლად ჰყიდდნენ ჰეროინს“. მოკლედ, სტატიაში ფაქტების თანმიმდევრობა ისეა გადმოცემული, რომ ყველა დანაშაული აღიქმება ლაშა შუშანაშვილის მიერ ჩადენილად და ავტორი მას ნარკოტრაფიკში დებდა ბრალს. ჩვენ, ადვოკატებმა, ჩავთვალეთ, რომ სტატიის ავტორს შეგნებულად შეყავდა საზოგადოება შეცდომაში.
_ და ეგებ სწორედ ეს მასალები მიაწოდეს ჟურნალისტს?
_ ყველა მასალა საჭიროებს გადამოწმებას. კარგი, მივყვეთ მოვლენებს: სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი სქემა, რომელითაც „ქართული მაფიას“ „თავი უნდა დაემკვიდრებინა“. ხაზგასმით ვამბობ, მოყვანილი „ფაქტები“ დადასტურებულ და უტყუარ ჭრილში იყო წარმოდგენილი, მკითხველს აუცილებლად შეექმნებოდა შთაბეჭდილება რომ ამ ყველაფრის „შემოქმედი“ არის ლაშა შუშანაშვილი, სხვა გვარი არც კი იყო მითითებული სტატიაში. ფაქტობრივად ჟურნალისტმა ძალიან მძიმე დანაშაულებებში დადო ბრალი ლაშა შუშანაშვილს.
_ ეს მხოლოდ თქვენი მოსაზრებაა.
_ არა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. ვიდრე კითხვას გავცემ პასუხს, მინდა გითხრათ რომ მე ლაშა შუშანაშვილის უფლებების დამცველად საქმეში ჩავერთე 2013 წლიდან. ამ პერიოდიდან დავინტერესდი, რა იწერებოდა მასზე პრესაში. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ საქართველოსაგან განსხვავებით უცხოეთში, ჟურნალისტის გამოქვეყნებული სტატია, როგორც მტკიცებულება ისე იდება საქმეში და ეს ეხება არა მხოლოდ უცხოეთის პრესას, არამედ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსაც. ჩვენთან, გამოძიება შეიძლება დაიწყოს საგაზეთო პუბლიკაციაში გამოქვეყნებულ ფაქტზე, მაგრამ მტკიცებულებად მას შემდეგ შეიძლება იქცეს სტატია, რაც ჟურნალისტი დაიკითხება და გამოძიება ჩათვლის, რომ ეს არის მტკიცებულება. უცხოეთში სხვაგვარადაა, იქ ნებისმიერი სტატია, როგორც მამხილებელი, საქმეში იდება, ისე, რომ არავინ არკვევს, არის თუ არა ეს სინამდვილე, უცხოეთში მიიჩნევენ, რომ სტატიაში შეუძლებელია ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი ფაქტი მოიხსენიოს. ასევე ამ სტატიებს იყენებენ უცხოელი ავტორები და გამოსცემენ წიგნებს.
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში გამოქვეყნებული საგაზეთო მასალები მტკიცებულებად ერთვის ნებისმიერი ქართველის სს საქმეს, რომლის გამოძიებაც უხცოეთში მიდის?
_ ხშირ შემთხვევაში ასეა. თქვენ იცით, რომ ადვოკატურაში მე ჟურნალისტიკიდან მოვედი, ჟურნალისტიკაში კი 15 წელზე მეტი ვიყავი და ეს სფერო ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. ამიტომ, ჟურნალისტების მიმართ მაინც მაქვს კოლეგიალობის განცდა. ზემოთხსენებულ სტატიას გასულ წელს უსწრებდა ბურჭულაძის კიდევ ერთი სტატია(ისე, ნინო ბურჭულაძე 2002 წლიდან წერს ლაშა შუშანაშვილზე). როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდა, დავუკავშირდი ნინოს, შევხვდი და ვუთხარი – მე ვერავის ავუკრძალავ სტატიების წერას, მაგრამ, თუ გადაწყვეტ ლაშა შუშანაშვილზე საგაზეთო მასალის მომზადებას, გთხოვ, მეც დამიკავშირდი ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად. აქვე ვუთხარი, თუ ჩემი პოზიციის გარეშე გამოაქვეყნებ მასალას, იძულებული გავხდები „ჟურნალისტური სოლიდარობის“ ფარგლებიდან გავიდე და კანონიერი გზით ვიბრძოლო, ეს იქნება სასამართლო, თუ სხვა ორგანიზაცია, რათა დავიცვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კანონიერი უფლებები მეთქი. მე მგონი არ არის სადაო ის, რომ ნებისმიერ ჟურნალისტზე მეტი დოკუმენტი და ინფორმაცია მაქვს და არც ისა უნდა იყოს სადაო, რომ სტატიაში მეორე მხარის პოზიციაც უნდა იყოს დაფიქსირებული. შევთანხმდით და მითხრა, რომ, თუ რამეს დავწერ აუცილებლად დაგიკავშირდებიო. გავიდა დრო და დაიბეჭდა სტატია, რომლის გამოც იძულებული გავხდი ამ ეტაპზე მიმემართა ჟურნალისტური ქარტიისთვის. ხაზგასმით ვამბობ: იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა და რატომ? როცა უცხოეთში წარმოებულ საქმეში ამ სტატიას დამახვედრებენ ჩაკერებულს, იქვე დამისვამენ შეკითხვას: თუ ეს დაუდასტურებელია, გადაუმოწმებელია და რეალობას არ შეესაბამება, მაშინ რატომ არ მიმართეთ შესაბამის უწყებებს? რა ვთქვა, რატომ არ მოვიქეცი შესაბამისად-მეთქი? და ყველაზე მთავარი, მე ვთხოვე ჟურნალისტს, როცა რამეს დაწერდა შუშანაშვილის შესახებ, მეც დამკავშირებოდა კომენტარისათვის, რა არის ამაში მიუღებელი?
_ ანუ რომ დაგკავშირებოდათ საჩივარიც არ დაიწერებოდა?
_ რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ კონკრეტულ საკითხებზე ოფიციალური დოკუმენტებით დავაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. სტატიიდან რამდენიმე „ფაქტი“ მოვიყვანე ზემოთ, გარდა ამისა ჟურნალისტი წერდა ამავე სტატიაში, რომ ლაშა შუშანაშვილს მალე გაათავისუფლებენ ციხიდან და ეს დიდი ფულის გადახდის სანაცვლოდ მოხდებაო.
_ ხომ გაათავისუფლეს?
_ ერთი წუთით: სტატიაში ეწერა, რომ ლაშა შუშანაშვილი უკანონოდ, დიდი ფულის გადახდის სანაცვლოდ ცდილობდა ციხიდან თავის დაღწევას: „დღეს საბერძნეთში ფული მხოლოდ ქართულ მაფიას აქვს, რომელიც მზად არის საკუთარი ბოსისთვის ნებისმიერი თანხა გადაიხადოს“. საინტერესო იცით რა არის?! 13 ივლისს, როდესაც ეს სტატია გამოვიდა, საბერძნეთში, თესსალონიკის სასამართლო უკვე იხილავდა ლაშა შუშანაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტატიის ავტორს ჰქონდა შუშანაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმაცია, მაგრამ ის შეგნებულად ცდილობდა სიმართლე დამახინჯებული სახით მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, რათა ლაშა შუშანაშვილის მიმართ ნეგატიური აზრი ჩამოეყალიბებინა. რეალურად რა მოხდა? ავტორს ჩემთვის რომ ეკითხა ამის თაობაზე, გაცილებით საინტერესო გამოუვიდოდა სტატია. 2015 წელს საბერძნეთის პარლამენტმა შეიტანა ცვლილება სს კოდექსში, რომელიც ეხებოდა სასჯელის ნაწილს. იქ არის ჩამოწერილი მთელი რიგი გარემოებები, რა შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს პირი პატიმრობიდან. დასახელებულ გარემოებათაგან ერთ-ერთია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ პატიმარი არის 67%ით ინვალიდი, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ლაშა შუშანაშვილის ინვალიდობის ხარისხი განსაზღვრულია 75%-ით. მას ორჯერ აქვს ინსულტი გადატანილი და ჯანმრთელობის მხრივ, მძიმე მდგომარეობა აქვს. არსებობს თესსალონიკის სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემიძლია გავაცნო), რომლითაც დასტურდება, რომ სწორედ ამ მიზეზით იქნა გათავისუფლებული პატიმრობიდან და სასჯელიდან ლაშა შუშანაშვილი. კიდევ ერთი გარემოება, სტატიაში საუბარია ნარკოტრაფიკზე, რეალურად კი, შუშანაშვილი არასდროს, არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულიც კი არასდროს ყოფილა, არათუ _ მსჯავრდებული, მათ შორის _ არც საბერძნეთში. უფრო მეტიც, ლაშა შუშანაშვილი საქართველოში და ევროპის ყველა ქვეყანაში ნასამართლობის არმქონე პირია. საბერძნეთშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ პირველ ინსტანციაში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ნასამართლეობის არმქონე პირია, იმიტომ, რომ განაჩენი ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული.
_ ანუ კანონი იქ არ სცნობს განაჩენის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას?
_ არა. განაჩენი გასაჩივრებულია და დანიშნულია სააპელაციო განხილვა. ხაზგასმით ვამბობ, შუშანაშვილი არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ნასამართლევი არაა!! ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთმა დააკავა საქართველოს მოთხოვნით. საქართველოში 2006 წელს ფაქტზე დაწყებული გამოძიებით, 2011 წელს წაუყენეს მას ბრალი 223 პრიმა და 181-ე მუხლებით („კანონიერი ქურდობა“ და გამოძალვა). მას ბრალი წაუყენეს დაუსწრებლად, იმიტომ, რომ 2002 წლიდან შუშანაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, 2003 წლიდან ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ბუნებრივია არც 2006 და მითუმეტეს არც 2011 წელს საქართველოში არ იმყოფებოდა, გამოაცხადეს მასზე ძებნა და საქართველოს მოთხვონით, იმიტომ, რომ ის ინტერპოლით ძებნილი იყო, დააკავა. როდესაც ითხოვდა საქართველო შუშანაშვილის გადმოცემას, საბერძნეთმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ დანაშაული, ნაწილობრივ მაინც, საბერძნეთის ტერიტორიაზეა ჩედენილი, უნდა გამოიძიოს თავად საბერძნეთმა და თავადვე დააყენოს განაჩენი. ქართული მასალების მიხედვით, რაც საბერძნეთს გადაეცა, შუშანაშვილს ბრალად ედებოდა გამოძალვა, რაც მან თითქოს ჩაიდინა საბერძნეთში და რომ მან ეს გამოძალვა ჩაიდინა, როგორც ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“. საქმე საბერძნეთმა გამოიძია და დაადგინა, რომ გამოძალვის ფაქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია, ანუ გაამართლა იმ ეპიზოდში, რაზეც დღეს საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ის ადამიანი კი, რომელიც აცხადებდა, რომ თითქოს ლაშა შუშანაშვილმა მას ქონება გამოსძალა (საქართველოს საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი), საბერძნეთისათვის დღემდე ძებნილია, რადგან მის მიმართ გამამტუნებელი განაჩენი დადგა. ეს პირი არის ვინმე მამნიაშვილი, რომელთანაც, თავის დროზე ქართული მხარეს გარკვეული შეკითხვები ჰქონდა და საქართველოს იმჟამინდლემა ძალოვნებმა იგი ლაშა შუშანაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, დააწერინეს განცხადება, რომ თითქოს შუშანაშვილი მას სალონიკში რესტორანს სძალავდა. საბერძნეთში სასამართლო განხილვის დროს დადგინდა, რომ მითითებულ მისამართზე მამნიაშვილს არც რესტორანი ჰქონდა საკუთრებაში და ზოგადად დაწესებულება, რაც იქ არსებობს,რესტორანი არ არის. ეს არის ოთხმაგიდიანი სასადილო, რომლის მესაკუთრე მამნიაშვილი არასდროს ყოფილა. ამ სასადილოს მფლობელისთვის კი, არავის არასდროს არაფერი გამოუძალავს, მითუმეტეს _ შუშანაშვილს.
_ კანონიერ ძალაშია შესული გამოძალვის ნაწილში გამამართლებელი განაჩენი?
_ დიახ. პროკურატურას არ გაუსაჩივრებია განაჩენი, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა, რომ გამოძალვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საბერძნეთმა, მომჩივანი მამნიაშვილი კი გაასამართლა და თაღლითობისათვის სასჯელიც მიუსაჯა, თუმცა დღემდე ის ძებნილია. კიდევ ვიმეორებ, ასეთი პიროვნების ჩვენების საფუძველზე წარუდგინა საქართველომ ბრალი შუშანაშვილს და ამ ბრალში თესსალონიკის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ლაშა შუშანაშვილი.
_ რაც გავრცელდა ჟურნალისტური ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, დაისვა საკითხი როდის იყო „კანონიერი ქურდები“ ჩიოდნენ…
_ მე ლაშა შუშანაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ვარ, ვხელმძღვანელობ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალებით და შემიძლია ვთქვამ რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა შუშანაშვილის ბრალეულობას.
_ როგორც მახსოვს, მის საქმეში წყნეთის სახლის წართმევაზე იყო საუბარი…
_ დიახ, რომელიც მისი არ იყო, მაგრამ ძალიან უნდოდათ წაეღოთ და წაიღეს კიდეც… რაც შეეხება საჩივარს, რომელიც ჟურნალისტის მიმართ შევიტანეთ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: ორ ადვოკატს გვაქვს ლაშა შუშანაშვილის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფო დაწესებულებებიდან ვითხოვთ შუშანაშვილის პერსონალურ ინფორმაციას. ამ რწმუნებულებით ასევე მონიჭიებული გვაქვს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებებიც. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ყველა უწყებას, ორგანიზაციას და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესები. როდესაც გამოქვეყნდა სტატია, ჩვენ შუშანაშვილის ადვოკატებმა, რწმუნებულებით მონიჭებული უფლება-მოსილების ფარგლებში, შევიტანეთ საჩივარი ნინო ბურჭულაძის წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ ვიმოქმედეთ ადექვატურად, კანონის ფარგლებში და რეაგირება მოვახდინეთ იმ გამოგონილ და აბსურდულ ბრალდებებზე, რაშიც ჟურნალისტი ადანაშაულებდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს. ამ ეტაპზე საჩივრით მივმართეთ ქარტიას, შემდეგი ეტაპი იქნება სასამართლო. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები გაავრცელებენ და რომელიც გამოქვეყნებდა არასწორად, გადაუმოწმებელად და სადაც საუბარი იქნება არარსებულ დანაშაულზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან, ყველაფერზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, რასაკვირველია კანონის ფარგლებში და არა ქუჩაში „საქმეების გარჩევით“, რასაც დაჟინებით ითხოვენ სოციალურ ქსელში გაუგებარი მენტალობის ადამიანები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. ძალიან დიდხანს ვცდილობდი ამეხსნა ჩემი ყოფილი კოლეგა-ჟურნალისტებისათვის, რომ საქართველოში ლაშა და კახა შუშანაშვილებს ჰყავთ ადვოკატები და თუ, რომელიმე ჟურნალისტს აქვს სურვილი დაწეროს ან სიუჟეტი მოამზადოს შუშანაშვილებზე, გადაამოწმონ ჩვენთან მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენც დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. არ ვამბობ, რასაც ჩვენ განვაცხადებეთ, ის მიიღონ მათ დადასტურებულად, მაგრამ მხარის პოზიცია დააფიქსირონ და საზოგადოებამ შეაფასოს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობა.
_ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარებში აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდები“ არ ჩივიან.
_ მეგონა გასაგებად ავხსენი, ადვოკატებმა რატომ შევიტანეთ საჩივარი ქარტიაში და რატომ გავაგრძელებთ სასამართლოში დავას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ლაშა შუშანაშვილს ბრალად ედება „კანონიერი ქურდობისა“ და გამოძალვის ჩადენა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს. როდესაც სოციალურ ქსელში ნინო ბურჭულაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისწინააღმდეგ ქარტიაში საჩივარი შევიტანეთ, კომენტარებმა, განსაკუთრებით ჟურნალისტების, რბილად, რომ ვთქვა, გამაოცა. რა ვიცი, ჟურნალისტები არ წერენ, რომ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწოფში ცხოვრება უნდათ?! მათი კომენტარებით კი დავასკვენი, რომ ვიღაცას აქვს უფლება სასამართლოს მიმართოს, მაგრამ მე, როგორც კონკრეტული ადამიანის წარმომადგენელს, ეს უფლება ჩამორთმეული მქონია.
ამ კომენტარებს რომ ვკითხულობდი, მართლა ვერ მივხვდი ჟურნალისტები, პროფესიონალიზმსა და განათლებაზე რომ აქვთ პრეტენზია, რატომ „არჩევდნენ ქუჩურად“ საქმეს?! რა ვიცი, ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ მატარებელნი თავად ხომ არ არიან?! ვერ გავიგე, რა მიდგომაა ეს?! ადამიანის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად რომ ახორციელებ, ეს სიტყვის თავისუფლებაა?! ცოტა ხნის წინ, ესპანეთში დააკავეს 35 ქართველი. ქართულმა პრესამ დიდი სიხარულით აიტაცა ეს ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები, ამით არავინ დაინტერესებულა. დაკავებულები იმავე დღეს გაათავისუფლეს! ერთადერთი საიტი „თაიმერი“ იყო, სადაც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე. ვერ გავიგე უხარიათ ქართველ ჟურნალისტებს, სადღაც ქართველს რომ დააკავებენ?! ან, მიზანმიმართულად რატომ უნდე დევნიდე პიროვნებას და აბრალებდე ათასი სახის დანაშაულის ჩადენას, რომელსაც არ იცნობ და არასდროს შეხვედრიხარ?! რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ადამიანმა, ფეხი ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, კიდევ რა სიბინძურეს მოუგონებენ?! ვერ გავიგე, ადვოკატს ჟურნალისტები, რატომ მიკრძალავენ დავიცვა ჩემი მარწმუნებლის უფლებებია? ვინ ამიკრძალა ქარტიისთვის მიმემართა ან შემდგომში სასამართლოს რომ მივმართავ, ჟურნალისტებისგან ავიღო ნებრთვა?!
_ ვინ მოაწერა განცხადებას ხელი, რომელიც ქარტიაში შევიდა და ვინ მოაწერს სარჩელს ხელს?
_ სიტყვის თავისუფლება უზნეობასა და ცილისწამებას არ ნიშნავს. არც სხვა პიროვნების გამიზნული დისკრედიტაცია და სხვისი უფლებების შელახვაა ჟურნალისტობა. მდაბიო ხერხებით ღირსეული და პროფესიონალი ჟურნალისტი არ შეეცდება საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოქცეს. რაც შეეხება ხელმოწერას, სარჩელსაც ადვოკატები მოვაწერთ ხელს და ქარტიაში შეტანილ საჩივარსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თუმცა არ ვიცი ამას, რა მნიშვნელობა აქვს. ქარტიამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოებას და მიაწოდა გადაუმოწმებული ინფორმაცია. ხოლო ჩვენს ორ მოთხოვნას არ დაუჭირა მხარი. ქარტიამ ჩათვალა, რომ ჟურნალისტისათვის წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი გამოქვეყნებული ინფორმაცია, თუმცა სალონიკის სასამართლოს გადაწყვეტილება შუშანაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არსად ყოფილა გამოქვეყნებული, ერთადერთი წყარო სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ჟურნალისტმა კი განაცხადა, რომ თურმე დიდი თანხის სანაცვლოდ მოხდებოდა შუშანაშვილის გათავისუფლება,თან ეს ვარაუდის დონეზე კი არა, დადასტურებულ ფაქტად გამოაცხადა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებას და მივმართავთ სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვატყობ, ჟურნალისტების დიდი სურვილია ქვების სროლა დავიწყოთ…
_ ცოტა ხნის წინ „თაიმერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ შუშანაშვილი მოსკოვშია.
_ ეს იყო ნათარგმნი ინფორმაცია, რუსული საიტიდან. სამწუხაროდ, იქაც არსებობს საიტები, რომლებიც მიზანმიმართულად პიროვნებების დისკრედიტაციით არიან დაკავაბეულნ. რაც შეეხება რეალობას, შუშანაშვილს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთი წუთითაც არ დაუტოვებია საბერძნეთი და ის გათავისუფლების დღიდან ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის. მიუხედავად იმისა, რომ მას არა აქვს ქვეყნიდან გასვლა აკრძალული, შუშანაშვილი ელოდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მას დიდი იმედი აქვს, რომ დადასტურდება მისი უდანაშაულობა. იგი უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე. ამიტომ არ ტოვებს ქვეყანას. ახლა, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას. რუსულ საიტს საქართველოდან ვერანაირად ვერ ვუჩივლებ, ქართულ მედიაში დამოუკიდებლად რომ გავრცელებულიყო ეს ინფორმაცია, აუცილებლად გვექნებოდა რეაგირება. „თაიმერმა“ თარგმნა, მიუთითა წყარო, თუმცა, სასურველი იქნებოდა მათაც გადაემოწმებინათ აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა. იმედი მაქვს, მომავალში გაითვალისწინებენ ჩვენ თხოვნას. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატები ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ იმ რწუმენებულების ფარგლებში, რაც მარწმუნებელმა მოგვანიჭა.

banner
წინა სტატიაშიაქვს თუ არა პაატა შევარდნაძეს პოლიტიკური ამბიციები?
შემდეგი სტატიაფრანგულმა ავიაციამ სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების შტურმი დაიწყო…