დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლაშა რიჟამაძის განცხადებით, ბაზარზე არსებულ გარკვეულ კომპანიებში შემოსავლების სამსახური ამ ეტაპზეც ახორციელებს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას. მისი თქმით, სადისტრიბუციო სექტორს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ჰქონია, თუმცა პროდუქტის გაიაფებისთვის საჭიროა დროული რეგულაციები და ბიზნესისთვის ბარიერების აცილება.
რიჟამაძე აღნიშნავს, რომ გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმები, ფერმერებისთვის გაძვირებული ტარიფები ან სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან გაზრდილი გადასახადები ნეგატიურად აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე. მისივე თქმით, სექტორი უკვე ექვსი თვეა ელოდება საპარლამენტო კომისიის დასკვნაში მითითებული რეგულაციის მიღებას, რომელიც ბაზარზე არსებულ დისბალანსს დაარეგულირებს.
„იმისთვის, რომ სწორი საბაზრო განვითარება გვქონდეს, ამ რეგულაციის მიღება ყველა სექტორთან ერთობლივი კომუნიკაციის ფარგლებში რაც უფრო მალე მოხდება, მით უფრო დადებით გავლენას მოახდენს. საბოლოოდ, ეს ხელს უწყობს კონკურენციის გაძლიერებას, ბიზნესისთვის მეტი ფინანსური რესურსის მობილიზებას და დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ფასების სტაბილურობაზე“, — აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
ფასების შესწავლის პროცესი 2025 წლის დეკემბრიდან დაიწყო, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჩაერთვნენ. კომისიამ მაისში წარადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგება, არამედ მიწოდების გრძელი ჯაჭვი და არაეფექტური საოპერაციო ხარჯებია. დასკვნის შემდეგ, რითეილ სექტორმა 10-15 დასახელების სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლების აქციები დაიწყო.















