„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ არასამუშაო გარემოა, რის გამოც პარტია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობას ერთობის წევრ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
პოლიტიკოსის განმარტებით, ალიანსის შიგნით გარკვეული ჯგუფები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და აწარმოებენ კამპანიას, რომელიც საერთო საქმეს აზიანებს.
„არაკეთილსინდისიერები არიან ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან „ანტი-მიშა“ პროპაგანდით და ქმნიან ისეთ კალაპოტს, რომელიც დამაზიანებელია არა მხოლოდ ალიანსისთვის, არამედ იმ ბრძოლისთვის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების მიღებას. მათთან ერთად ამ „ანტი-მიშა“ კამპანიაში ჩვენ არა თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, არამედ ამ ადამიანების გარეშე გავაგრძელებთ ბრძოლას“, — აღნიშნა ფარულავამ.
მისივე თქმით, ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქუჩის აქტიური პროტესტით, შიდა წნეხითა და საერთაშორისო სანქციებითაა შესაძლებელი, რის ერთგულიც პარტია მყარად რჩება.
ინტერვიუში ოპოზიციონერმა ლიდერმა პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და „ქართული ოცნება“ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.
„როგორ შეიძლება სამჯერ ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ვერცხლის მოყვარეობის გამო აკეთებდე იმას, რასაც აკეთებ. როგორ შეიძლება ხროვით თავდასხმა ერთ ადამიანზე? ეს არ არის არც ქართული, არც ღირსეული ქცევა და არ ჯდება ჩვენს ტრადიციებში“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას.















