„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები შეაფასა. მისი განცხადებით, მიმდინარე საკადრო წრე უშუალოდ მამუკა მდინარაძესა და მის კადრებს უკავშირდება.
„სინამდვილეში ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი – ივანიშვილმა პოლიტიკური რესურსი ამოწურა. დღევანდელი საკადრო წრე უკავშირდება მამუკა მდინარაძეს. მდინარაძის კადრი იყო გეკა გელაძე, რომელიც „ნაცებში“ გელა იყო და „ქოცებში“ გეკა გახდა. როდესაც ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი უფროსი წარადგინა, გელაძე მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ დადგება იგივე პრეცედენტი, რაც ლილუაშვილის, ოხანაშვილისა და მდინარაძის შემთხვევაში მოხდა. არ არის გამორიცხული, მდინარაძის შიდა პატიმრობაში გეკა გელაძეც აღმოჩნდეს“, — განაცხადა ფარულავამ.
ფარულავას მტკიცებით, მდინარაძე შიდა პატიმრობაშია, რისი მიზეზიც „ოცნების“ ყულაბიდან ფულის ათვისებაა.
„მამუკა მდინარაძეს ედავებიან „ოცნების“ ყულაბიდან ფულის „მოტეხას“ და კრედიტორში გადატენას. სწორედ ამიტომ დაუყენა ივანიშვილმა მეთვალყურედ ანზორ ჩუბინიძე და მისი დაცვის წევრები დგანან. დღეს ბევრს რომ ლაპარაკობდა კობახიძე, თუ მაგარი ბიჭია, თავისი მეგობარი გაათავისუფლოს შიდა პატიმრობიდან და გაუწიოს დახმარება. თუ ღარიბაშვილი ხალხის ფულს იპარავდა, მდინარაძემ ივანიშვილს მოჰპარა“, — აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ფარულავამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებულ ხშირ საკადრო ცვლილებებზეც და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს.
„ზუსტად 500 დღის განმავლობაში ივანიშვილმა სუს-ის ოთხი უფროსი შეცვალა. ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია და ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ქარიშხალშია, გამართული უსაფრთხოების სისტემა უნდა ჰქონდეს. უსაფრთხოების სისტემა კი საერთოდ არ მუშაობს. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, თუ როგორ ტყუილად გვესაუბრება „ქართული ოცნება“ მშვიდობაზე. მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ ივანიშვილს აქვს“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.








