„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იქნება, ოპოზიციის გაერთიანება კი სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმის მქონე ძალების საერთო მიზნის გარშემო თანაარსებობას გულისხმობს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.
ფარულავას თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად აუცილებელია ერთიანობა, სადაც სხვადასხვა ფლანგის პარტიები საკუთარ იდენტობას არ კარგავენ.
„ერთად უნდა ვიყოთ არა იმიტომ, რომ განსხვავებული მოსაზრებების არ ვართ. „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ წარმოვადგენთ ქრისტიან-დემოკრატიულ კონსერვატიულ პლატფორმას, ასევე არიან ლიბერალური პლატფორმის წარმომადგენლები. ჩვენთვის მთავარია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატია, არ იყოს ტერორი და გაჩნდეს პერსპექტივა. ამიტომ, ყველანი ერთად ვიკრიბებით ხვალ, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან“, — განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აქციის ხმაურის ჩახშობა სურს, პროტესტის საბოლოო დღის წესრიგს მაინც მოქალაქეების აქტივობა გადაწყვეტს: „თუ აპარატურას არ შეგვატანინებენ, ბევრი ადამიანის მოსვლა იქნება ყველაფერზე პასუხი“.















